ზაფხული მიიწურა, თუმცა ესპანეთში შემოდგომაც მშვენიერია. გთავაზობთ რვა სამხრეთულ ქალაქს, სადაც მართლაც დაუვიწყარ საშემოდგომო არდადეგებს გაატარებთ.
* ბარსელონა
ბარსელონა წელიწადის ნებისმიერ დროს ულამაზესია. თუმცა, ზაფხულში ის უფრო დამღლელი და მომქანცველია, რადგან საშინელი სიცხე, ღირსშესანიშნაობებით გატაცებული ათასობით ცნობისმოყვარე და ტურისტებით სავსე კაფეები – ნებისმიერს გაუჩენს სურვილს სასწრაფოდ გაეცალოს ქალაქს. ბევრად უკეთესია გაემგზავროთ ბარსელონაში ოქტომბერში, როცა მშვიდად შეძლებთ დატკბეთ წმინდა ოჯახის ტაძარის მშვენიერებით, დაათვარიელოთ პიკასოს ნამუშევრები და მოინახულოთ ევროპაში ყველაზე დიდი აკვარიუმი.
* მალაგა
ოქტომბრის დასაწყისში, კოსტა-დელ-სოლის სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ქალაქის – მალაგას პლაჟები და ქუჩები ტურისტებისგან იცლება. სწორედ ამიტომ, მალაგას ვიწრო ქუჩებში სეირნობა და შოპინგის მოწყობა შემოდგომაზე უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ზაფხულში. ქალაქის სტუმრობისას აუცილებლად მოინახულეთ პაბლო პიკასოს მუზეუმი, მოაწყვეთ რომანტიკული თავგადასავალი ალკასაბას ციხე-სიმაგრეში და გაეცანით ნამდვილ ანდალუსიური კულტურას პატარა კვარტალში – ჩინიტასაში.
* კორდობა
კორდობას ისტორიული ცენტრი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, ერთი დიდი რებუსია ისტორიისა და არქიტექტურის მოყვარულებისთვის – რომაული ხიდი აქ მთავარ მეჩეთს ემეზობლება, საეპისკოპოსო სასახლე კი, სინაგოგას და ებრაულ კვარტალს. არ გამოტოვოთ ალკასარის ციხე-სიმაგრეც, სადაც ისაბელა კასტილიელი პირველად შეხვდა ქრისტეფორე კოლუმბს.
* მადრიდი
მადრიდი ყველაზე ესპანური ქალაქია, რომელიც ყველას მოსწონს. ერთი შეხედვით აქ არაფერია განსაკუთრებული, თუმცა, კლასიკური სტილის ულამაზესი ქვის სახლები, ვიწრო ქუჩები და ფართე მოედნები, შადრევნები და პომპეზური მონუმენტები არავის დატოვებს გულგრილს. მადრიდი განსაკუთრებით ლამაზი შემოდგომაზეა, როცა მთელი დღე თავისუფლად შეგიძლიათ გაატაროთ პრადოს მუზეუმში, საღამოს კი, მადრიდის ყველაზე ცნობილ მოედანზე – პლასა მაიორზე, ერთ-ერთ რესტორანში ისიამოვნოთ ტრადიციული ესპანური კერძებით.
* ტარაგონა
დიდი რომის იმპერიის კუთვნილი ესპანეთის ყოფილი დედაქალაქი ტარაგონა, თავისი შუასაუკუნეების არქიტექტურით, კათედრალური ტაძრით და რომაული კედლითაა ცნობილი, რომელიც ქალაქს მრავალრიცხოვანი შემოსევებისგან იცავდა. ტარაგონაში აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ცნობილი სანგრია და მოინახულოთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს უმაღლესი წერტილი, რომელსაც ადგილობრივები ”ხმელთაშუა ზღვის აივანს” ეძახიან.
* ტოლედო
33 წუთი მადრიდის ატოჩას სადგურიდან და თქვენ უკვე ზღაპარში ხართ. ესპანეთის ყოფილი დედაქალაქი და ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ტოლედო, კედლით შემოსაზღვრულ უზარმაზარ კოშკს ჰგავს, რომლის მფლობელებიც ხან კართაგენელები და რომაელები, ხან ვანდალები და მავრები იყვნენ. ტოლედოში მოგზაურობისას არ გამოგრჩეთ გოთიკური კათოლიკური ტაძრის მონახულება, რომლის ინტერიერიც რაფაელის, გოიას, რუბენსისა და ველასკესის ფრესკები ამშვენებს.
* გრანადა
ბევრისთვის გრანადა ალგამბრის ციხე-სიმაგრესთან ასოცირდება. თუმცა, უძველესი ნაგებობა მხოლოდ ერთ-ერთია იმ უამრავ ღირსშესანიშნობას შორის, რომლებიც გრანადაშია თავმოყრილი. მავრიტანული კვარტალის – ალბაისინის ლაბირინთები, ბოშურ გამოქვაბულში გატარებული საღამო ფლამენკოს სტილში და უგემრიელესი კერძები აუცილებლად გაალამაზებენ თქვენს მოგზაურობას.
* ჟირონა
ჟირონას თავისი და ყველასგან განსხვავებული ატმოსფერო აქვს, რომელსაც აუცილებლად იგრძნობთ, როცა ცენტრისგან პატარა მდინარით გამოყოფილ უძველეს კვარტალში გაისეირნებთ. ფერადი სახლები თითქოს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ, ქუჩებად ქცეული კიბეები კი, კვარტალს ზღაპრულობას მატებენ და მოგზაურებს მე-17 საუკუნეში, რომაელების მიერ აგებულ გრანდიოზულ ტაძარში ეპატიჟებიან.