ესპანეთის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ რუსეთს ტარიელ ონიანის ექსტრადირების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა. როგორც Deutsche Welle-სთვის გახდა ცნობილი, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ონიანი კრიმინალური სამყაროს ცნობილი მოღვაწეა, რომელსაც „კანონიერი ქურდის“, „ტაროს“ სახელით იცნობენ. ესპანეთში მას დანაშაულებრივი დაჯგუფების შემაგდენლობაში უკანონოდ მიღებული შემოსავლების გათეთრება ედება ბრალად და სასჯელის სახით 8,5-წლიანი პატიმრობა და 50 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ელოდება.
ესპანეთის პროკურატურის მიერ გაგზავნილი 38-გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ ონიანი და მისი თანამზრახველები 1995 წლიდან 2005 წლიდან ესპანეთში უკანონო საქმიანობას ეწეოდნენ.
ესპანური გამოძიების მტკიცებით, ყოფილი სსრკ-სა და ევროპის სხვა ქვეყნებში გამოძალვის, საწარმოების „გაკონტროლების“ და ნარკოტიკებით ვაჭრობის გზით მიღებულ თანხებს ონიანი ესპანეთში ლეგალურ სარესტორნო და სამშენებლო ბიზნესში აბანდებდა.
ონიანის დაკავებაზე პირველი ორდერი ესპანურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 2005 წელს, ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს გასცა, როდესაც 30-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. თუმცა, როგორც რუსეთში ესპანეთის პროკურატურის მიერ გაგზავნილ დოკუმენტშია აღნიშნული, ონიანმა ესპანეთიდან გაქცევა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მოასწრო.
Deutsche Welle-სთან საუბარში ესპანეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ „ამჯერად რუსულ მხარესთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი პრაქტიკულად არასდროს გადასცემს ესპანეთს ეჭვმიტანილებს.”
ესპანური მხარის ოპტიმიზმი იმით არის განპირობებული, რომ ტარიელ ონიანი უკვე დაკავებულია რუსეთში საერთაშორისო ორდერის საფუძველზე, რომელიც ესპანეთმა რუსეთში ინტერპოლის ხაზით გააგზავნა.