“ესპანეთი მხარს გვიჭერს ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, “– ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარესთან, მერიჩელ ბატეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვან მიმართულებებს და ასევე საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების ფარგლებში ესპანეთ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან, რომელთანაც ჩვენ უაღრესად ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს, ყველა ორმხრივი მიმართულებით, გაღრმავდეს ასევე საპარლამენტთაშორისო დონეზე საქმიანობა და საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით შემდგომი პერსპექტიული ნაბიჯები განხორციელდეს. ამ თვალსაზრისით, ძალიან კარგი პერსპექტივები არსებობს.
ესპანეთი მხარს გვიჭერს ყველა საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ასევე, ესპანეთის წარმომადგენლები ევროპარლამენტში საქართველოს ერთ-ერთი მკაფიო, სერიოზული მხარდამჭერები არიან.
ბუნებრივია, საუბარი შეეხო რეგიონში ჩვენს როლს, ასევე იმას, თუ რა ნაბიჯები იყოს შემდგომ გადადგმული, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოების თვალსაზრისით, ასევე ხალხთაშორის და კულტურული ურთიერთობების გაფართოების კუთხით. ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იყო და ამ შეხვედრის შედეგებს ჩვენ აუცილებლად, მომავალში ვიხილავთ, როდესაც პრაქტიკული ნაბიჯები განხორციელდება “, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
პრემიერ-მინისტრი ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა