საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მერთან, ტარცისიუს კავიეზელთან ერთად, სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კურორტი „ბიოლი“ დაათვალიერა და ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა.
პრემიერმა კურორტის განვითარების უდიდეს პერსპექტივაზე ისაუბრა და მის დამფუძნებელს, თამაზ მჭედლიძეს ალტერნატიული მედიცინის ბაზის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა.
“თამაზ მჭედლიძე არის ადამიანი, რომელმაც დღეს საქართველოში ნულიდან შექმნა ეს საოცრება – შექმნა განსხვავებული რამ, რაც მანამდე ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ყოფილა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, ვიდრე იქნებიან ასეთი პატრიოტები, ქვეყანა აუცილებლად წინ წავა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თქვენ გეყოლებათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იმისთვის, რომ ასეთი კერები საქართველოში სხვაგანაც განვითარდეს”, – მიმართა პრემიერმა “ბიოლის” დამფუძნებელს.
საქართველოს მთავრობის მეთაური მიესალმა დავოსის მერის ტარცისიუს კავიეზელისა და მისი მეუღლის საქართველოში სტუმრობას და შვეიცარიასთან საქართველოს ძალიან საინტერესო, მზარდ ურთიერთობებზე ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, ასევე, შვეიცარიასთან აქვს ძალიან საინტერესო ურთიერთობა მთიანი რეგიონების განვითარების კუთხით.
“შვეიცარია ნამდვილად გამოირჩევა ევროპის ქვეყნებს შორის და მსოფლიოში იმით, რომ ისე განავითარა საკუთარი მთიანი რეგიონები, რომ შეინარჩუნა ავთენტურობა. სწორედ ამის სწავლა გვინდა ჩვენ შვეიცარიისგან. ასევე მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოში გასულ შემოდგომას ჩამოსული იყო შვეიცარიის პარლამენტის სპიკერი ქალბატონი კრისტა მარკვალდერი, წელს შემოდგომაზე კი, ჩვენ ველოდებით შვეიცარიის პრეზიდენტის ქალბატონი დორის ლუთარდის ვიზიტს,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მჭიდრო კავშირები განსაკუთრებული ურთიერთობების დასტურია.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე, კიდევ ერთხელ, გამოხატა მადლიერება შვეიცარიის განსაკუთრებული როლისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.
პრემიერ-მინისტრმა დავოსის მერი, მომავალ წელს ბაკურიანში მიიწვია, სადაც საქართველოში ჰოკეის პირველი არენის გახსნა იგეგმება.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ჩვენს ქვეყნაში ალტერნატიული მედიცინის განვითარებაში შვეიცარიასთან თანამშრომლობა უდიდეს როლს შეასრულებს.
“ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელსაც ვფიქრობ, უდიდესი რესურსი და განვითარების პერსპექტივა აქვს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ჩამოსული ტურისტების სულ უფრო მზარდ მაჩვენებელს. წელს 30%-იანი ზრდა გვაქვს და ვფიქრობ, თუ დავოსს შეუძლია, წელიწადში 2 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლოს, საქართველოს შეუძლია, სრულიად თავისუფლად უმასპინძლოს წელიწადში 10-15 მილიონ ვიზიტორს. ჩვენ უკვე შარშან გადავაბიჯეთ 6-მილიონიან მაჩვენებელს, წელს ვფიქრობთ, 7 მილიონს მივუახლოვდებით და თუ ამ ტემპით ვიარეთ, დარწმუნებული ვარ, სულ რამდენიმე წელიწადში შევძლებთ, 10 მილიონს გადავაჭარბოთ. 15 მილიონი კი, საქართველოსთვის ის მაჩვენებელია, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ – მიკროგრანტების პროგრამა, “აწარმოე საქართველოში”, აგროტურიზმის განვითარება, ყველაფერი მივაბათ ტურიზმს, რათა ადამიანმა დაინახოს უმნიშვნელოვანესი კავშირი, რომელიც არსებობს თითოეულ დამატებით ჩამოსულ ტურისტსა და საქართველოში თითოეული ადამიანის კეთილდღეობას შორის”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კოჯორში მდებარე კურორტი „ბიოლი“ საქართველოსთვის ინოვაციური ნაბიჯია, რომელსაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. პროექტში 14 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.