უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლებს – გია ბერიაშვილსა და დავით რატიანს სამშობლოში ხვალ, დილის 6-ის ნახევარზე ჩამოასვენებენ.
ქართველი სამხედროები უკრაინაში, ქალაქ ირპენში ერთად ბრძოლისას, რუსების საჰაერო თავდასხმისას დაიღუპნენ.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაღუპულ მებრძოლს – ბახვა ჩიქობავას, მისი გადმოსვენების საკითხი ჯერჯერობით უცნობია, რადგან ის რუსების მიერ ბლოკირებულ ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა.
„24 მარტს, დილის 05.30 საათზე უკრაინაში გმირულად დაღუპულ ჩვენს მებრძოლებს დავით რატიანს და გიორგი ბერიაშვილს თბილისში ჩამოასვენებენ.
მოგიწოდებთ, სათანადო პატივით დავხვდეთ ჩვენს გმირებს, დავდგეთ აეროპორტის გზის პირას საქართველოს და უკრაინის დროშებით და ამით გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა მათ მიმართ.
ძალა ერთობაშია
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
დიდება გმირებს “– წერს სოციალურ ქსელში ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს დამფუძნებელი დავით ქაცარავა, რომელიც ახლა თავადაც უკრაინაში იბრძვის.
მედიის ინფორმაციით, დაღუპული გმირი ქართველი სამხედროები ცხედრების ვარშავის აეროპორტში უკვე მიასვენეს, ვარშავის აეროპორტიდან რეისი საღამოს 10:00 საათზე გამოფრინდება, რომლის მეშვეობითაც – გია ბერიაშვილსა და დავით რატიანს სამშობლოში, საქართველოში გადმოასვენებენ.
გარდაცვლილები სამხედროების ოჯახის წევრების ინფორმაციით, მებრძოლებს თბილისის აეროპორტში, დილის 10 საათზე ოჯახის წევრები და ყველა ის ადამიანი დახვდება, ვისაც მათთვის პატივის მიგება სურს.
„დაკრძალვის შესახებ ჩვენც ველოდებით ინფორმაციას. თუ შემოთავაზება იქნება, რა თქმა უნდა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის წინააღმდეგნი არ ვიქნებით, რადგან ეს უკვე გასცდა ოჯახის ტრაგედიას… როგორც ხალხი და ხელისუფლება გადაწყვეტს, ჩვენი სურვილიც ის იქნება.
ვერაფერს ვიხსენებ ახლა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ „როგორი ხმაურიანიც იყო, ზუსტად ისე წავიდა… მინდა იმ ორი დაღუპული გმირის ოჯახებს, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავას ოჯახებს მივუსამძიმრო და გამძლეობა ვუსურვო. დიდება გმირებს.“ – უთხრა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაღუპული ქართველი მებრძოლის, გია ბერიაშვილის მეუღლემ.
ჯერჯერობით უცნობია, დაკრძალავენ თუ არა სამხედრო პატივით უკრაინაში დაღუპულ გმირ ჯარისკაცებს.