რიონის ხეობაში გაუჩინარებული 27 წლის ნიკა ანთაძის ადვოკატმა, გიორგი ჭოჭუამ ანთაძის მიერ გაგზავნილი ბოლო მესიჯი გაასაჯაროვა.
ადვოკატის თქმით, სწორედ ამ მესიჯის გაგზავნის შემდეგ დატოვა ტელეფონი მდინარესთან.
ნიკა ანთაძის მიერ გაგზავნილი ბოლო შეტყობინება ასეთი შინაარსისაა:
„ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არავის ბრალია, ეს უფლის ნებაა. მა, არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქითა ცხოვრებაში გნახავ. მთელ ჩემ სანათესაოს, საახლობლოს, სანაცნობოს ვეფერები დიდი სიყვარულით. ცოტა გავითიშე, მარტო ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მე ქრისტიანი კაცი ვარ. მთავრობას სირცხვილი. გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს“, – წერს ნიკა ანთიძე.
ადვოკატი გაუჩინარებული ნიკა ანთიძის ოჯახის თხოვნას აცნობს საზოგადოებას. მათი სურვილია, არ მოხდეს ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება.
ადვოკატმა რამდენიმე გავრცელებული ვერსიაც უარყო,რომელიც ნიკა ანთიძის გარდაცვალებას მოჰყვა.
„მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტრაგიკული შემთხვევის დროს ის თითქოს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან შევისწავლეთ შემთხვევის ადგილი, აქციის მონაწილეების, ორგანიზატორებისა და კარვებში მყოფი პირთა ცხოვრების წესი, ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ კარვების ტერიტორიაზე არათუ ალკოჰოლი, არამედ თამბაქოს მოხმარებაც კი, აკრძალულია. ასევე, გავესაუბრეთ პირებს, ვინც შეესწრნენ აღნიშნულ ფაქტს და მოსაზრება, რომ ის იყო მოცურავე, თითქოს მდინარე რიონი გადაცურა და მეორე ნაპირზე გავიდა, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ის არასდროს ყოფილა დაკავებული აღნიშნული სპორტის სახეობით. თვითმხილველებმა ნახეს ბოლო წამებში შუა მდინარეში როგორ მიცურავდა და გაუჩინარდა“, – აცხადებს გიორგი ჭოჭუა.
მანვე ასევე განმარტა, რომ გარდაცვლილი ამერიკაში წასვლას ამ დროისთვის არ გეგმავდა.
„ნიკოლოზს დედა გარდაცვლილი ჰყავს, მამა აშშ-ი ცხოვრობს. მისი ამერიკაში წასვლა ნამდვილად იყო მომავლის გეგმა, მაგრამ ამერიკის ვიზას რაც შეეხება, ნამდვილად არ გააჩნდა, რაზეც გავრცელდა მოსაზრებები“, – ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, 10 აპრილს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, “ნამახვანჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. სამძებრო სამუშოები ამ დრომდე გრძელდება.