ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტებზე ბაზრის გახსნის საკითხზე, საქართველოდან კერძო კომპანიებმა რუსეთს განაცხადით 2020 წელს მიმართეს და მას შემდეგ ამ საკითხზე კომუნიკაცია არ შემდგარა.
როგორც დავითაშვილმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე 2020 წლის შემდეგ, მით უმეტეს ომის პირობებში, საქართველოს რუსეთისთვის აღარ მიუმართავს.
„მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან რამდენიმე კომპანიიდან რუსეთში განცხადება გაგზავნილი იყო 2020 წელს, მას შემდეგ ეს კომუნიკაცია არ ყოფილა. აჟიოტაჟი, რაც საზოგადოებაში წარმოიშვა, ინფორმაციის ნაკლებობის გამოა. მითუმეტეს ომის პირობებში, საქართველოს ამ საკითხზე დამატებით არ მიუმართავს. ამ საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან, რომ მათ ახალ ბაზარზე გასვლა აინტერესებდათ. ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტებს სპეციალური რეგულაციები აქვს, ანუ კონკრეტულ საწარმოებს აღიარება სჭირდება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კითხვაზე იმის შესახებ, რომ ამერიკაში მყოფი რუსი ექსპერტი ამბობს, რომ კრემლსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის შეხვედრა შედგა, რათა საქართველო რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში დაეხმაროს, ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ეს „უაზრო სპეკულაციაა“.