LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს შეიძლება შეფასდეს როგორც კრიტიკული ინტერესები ან როგორც პირადი შურისძიება“ – ვახტანგ ხმალაძე ბადრი ჯაფარიძის მანდატის შეწყვეტაზე

270
ვახტანგ ხმალაძე

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა, მმართველი გუნდი „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერისა და ამავე საქმის ფიგურანტის, ბადრი ჯაფარიძის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის თაობაზე ალაპარაკდა.

როგორც უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, დღის წესრიგში, საგაზაფხულო სესიაზე დადგება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კონსტიტუცია პირდაპირ ამბობს, რომ თუ პარლამენტის წევრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მის მიმართ ძალაში შესულია კანონიერი გადაწყვეტილება, მას სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

ჯაფარიძე სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე: თუ ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა იქნება, შეფასდება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის მცდელობად

ცნობისთვის, საქმე ეხება კონსტიტუციის 39-ე მუხლში არსებულ ჩანაწერს, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.

რა წერია კონსტიტუციაში ან რის საფუძველზე შეიძლება პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდეს, ასევე, როგორია საკანონმდებლო ორგანოს პროცედურა საამისოდ და სამართლებრივად – ამ და სხვა მნიშვნელოვან გარემოებებზე, „ფორტუნა“ კონსტიტუციონალისტსა და სამი მოწვევის პარლამენტის ყოფილ წევრს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.

 

რა წერია კონსტიტუციაში

 

– ბატონო ვახტანგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღის წესრიგში პარტია „ლელოს“ დეპუტატისა და ე.წ ფულის გათეთრების საქმის ფიგურანტის, ბადრი ჯაფარიძის საპარლამენტო უფლებამოსილების საკითხი დღის წესრიგში დააყენა და ეს გადაწყვეტილება სასამართლოს განაჩენით ახსნა, რომელმაც ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო.

პირველ რიგში, რომ განგვიმარტოთ, რა წერია კონსტიტუციის იმ ჩანაწერში, რომლის საფუძველზეც შესაძლოა დეპუტატს საპარლამენტო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდეს და როგორია საკანონმდებლო ორგანოს პროცედურა?

ვახტანგ ხმალაძე: აქ პროცედურა საკმაოდ მარტივია. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ჩნდება, პროცედურა არის ასეთი: საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას იხილავს და კომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – მისცეს თუ არა თანხმობა უფლებამოსილების შეწყვეტაზე, რასაც უმრავლესობის თანხმობა სჭირდება.

უმრავლესობის თანხმობა სჭირდება კომიტეტის სხდომაზეც და შემდეგ უკვე პარლამენტის სხდომაზეც. ანუ, ამ მხრივ პროცედურა საკმაოდ მარტივია. ცხადია, ამას თან უნდა ჰქონდეს მოსმენა, მიეცეს გამოსვლის საშუალება პარლამენტის იმ წევრს, რომლის მანდატის შეჩერებაზეც საკითხი დგება. ნუ, ეს საკითხი ჩვეულებრივად უნდა იყოს განხილული.

 – ეს რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, თავად კონსტიტუციის იმ ჩანაწერის შინაარსზე რას გვეტყვით, რომელიც შესაძლოა ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი გახდეს?

მთავარი აქ, ამ კონსტიტუციური ნორმის არსის გარკვევაა – თუ რას ამბობს, კონსტიტუციის ეს ნორმა. კონსტიტუციის ეს მუხლი ამბობს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ან მისი ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს, წყვეტს პარლამეტი და პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. მუხლის შინაარსი ამბობს ამას.

ანუ, ეს მუხლი ამბობს შემთხვევებზე, (ეს შემთხვევები იმავე მუხლშია ჩამოთვლილი) თუ რა შეიძლება გახდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საფუძველი.

ნებისმიერ შემთხვევაში საფუძველი უნდა არსებობდეს, მაგრამ ამ საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილება უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის თაობაზე, პარლამენტმა უნდა მიიღოს. ანუ, ეს ავტომატურად არ ხდება და ნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა, აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ამას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა უნდა მოჰყვეს.

– გასაგებია, რომ პარლამენტმა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ცნობად არ უნდა მიიღოს და საამისოდ საჭიროა მსჯელობა… კანონი რას ამბობს?

რატომ არ ხდება ავტომატურად საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, თუკი სასამართლოს უკვე გამამტყუნებელი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი და დეპუტატი უკვე დამნაშავედაა ცნობილი?

– არ არის იმიტომ, რომ პარლამენტი არის ის პოლიტიკური ორგანო სახელმწიფოსი, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის სუვერენიტეტის აღსრულებას, ანუ, ხალხის მიერაა არჩეული.

არ არის გამორიცხული, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს ან უსამართლო, ან მიკერძოებული, არასწორი. ან რაიმე მიზეზის გამო (მაგალითად, მაღალი მოსაზრებების გამო) მიზანშეწონილი არ იყოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა, რადგან ამან შეიძლება სხვა უარყოფითი პროცესები გამოიწვიოს.

ანუ, გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს – სწორი და გამართლებული იქნება თუ არა, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა.

კიდევ ერთ რამეს ვიტყვი: როდესაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს და სასჯელის ზომად გამოტანილია თავისუფლების აღკვეთა, აი, პარლამენტის წევრს, თუ მის მიმართ ასეთი განაჩენი იქნა გამოტანილი, მაშინვე ვერ დააპატიმრებენ. ანუ, ამაზე თანხმობა, პარლამენტმა უნდა მისცეს.

აქ კიდევ ერთი საინტერესო მომენტია: სავსებით შესაძლებელია, რომ პარლამენტმა დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობა არ მისცეს და უფლებამოსილება შეუწყვიტოს. შეუძლია მისცეს თანხმობა დაპატიმრებაზე, მაგრამ უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს და შესაბამისად, პარლამენტის წევრი ციხეში აღმოჩნდეს. თეორიულად ყველა ეს ვარიანტი შესაძლებელია.

ხშირად ამართლებენ ხოლმე იმას, რომ თუკი თავისუფლების აღკვეთა მისჯლიაო, უნდა შეუწყვიტო, აბა რა, ციხიდან თავის უფლებამოსილებას ხომ ვერ შეასრულებსო, რაც სწორია – უფლებამოსილებას ვერ განახორციელებს, მაგრამ ვინც ამ კითხვას სვამს, იქ შებრუნებული კითხვის დასმის შესაძლებლობა ჩნდება – თუ პირს, თავისუფლების აღკვეთა მისჯილი არ აქვს, მაშინ უფლებამოსილება რატომ უნდა შეუწყვიტო?

როგორი შემთხვევაც მაგალითად იყო ნიკა მელიასი. მას შეეძლო თავისი უფლებამოსილების განხორციელება და პატიმრობა მისჯილი არ ჰქონდა.

 

 

სამართლებრივი ნონსენსი?!

 

– ბატონო ვახტანგ, თქვენ აღნიშნეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი, მსჯელობის შედეგად. თუმცა, საინტერესოა, რას ფიქრობთ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე – რას გვეტყვით, ვინაიდან სასამართლომ ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ხანდაზმულად გამოაცხადა, მას მაინც უნდა შეუწყდეს თუ არა უფლებამოსილება?

– ამ შემთხვევაში კიდევ უფრო განსხვავებული, ფრიად საინტერესო პრეცედენტი ჩნდება. კანონი ამბობს შემდეგ რამეს: რომ თუ სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან, ხანდაზმულობის ვადა გასულია და ამის შემდეგ ცნობილი გახდა ამ დანაშაულის თაობაზე, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ შეიძლება.

ეს ერთი და მეორე – თუ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იყო, ანუ მიმდინარეობს გამოძიება და საბრალდებო დასკვნა სასამართლოში არ არის გადაგზავნილი და ხანდაზმულობის ვადა ამ დროს ამოიწურა, გამოძიება უნდა შეწყდეს და პირის სისხლის სამართლებრივი დევნის გაგრძელება აღარ შეიძლება.

ორი შემთხვევაა: თუ ხანდაზმულობის ვადა გავიდა, დევნა ვერ დაიწყება და თუ დევნა დაწყებულია, ხოლო ხანდაზმულობის ვადა გავიდა, დევნა უნდა შეწყდეს.

და მესამე შემთხვევა: გამოძიებამ საბრალდებო დასკვნა სასამართლოზე წარადგინა და ხანდაზმულობის ვადა ამის შემდეგ გავიდა. ანუ, სასამართლოს ჯერ არ განუხილავს, საქმის განხილვის პროცესი მიმდინარეობს, ამ დროს გავიდა ხანდაზმულობის ვადა, რა დროსაც კანონი ამბობს: სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განაჩენი, ანუ ცნოს დამნაშავედ და განუსაზღვროს სასჯელი.

მამუკა ხაზარაძე: ეს არის ნონსენსი. ეს არის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც, თითოეულმა ჩვენგანმა და მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა მოვახდინოთ

თუ სასჯელად გამოტანილია თავისუფლების აღკვეთა, სასამართლო ვალდებულია გაათავისუფლოს პირი სასჯელის მოხდისაგან. ესე იგი, თუ სასამართლო ჩემს საქმეს განიხილავს და ამ დროს ხანდაზმულობის ვადა გავიდა, სასამართლომ შეიძლება თქვას, რომ მე ვიყავი დამნაშავე იმ დანაშაულში, რისთვისაც სასჯელი, დავუშვათ 7 წელი მეკუთვნოდა, მაგრამ იმის გამო, რომ გასულია ხანდაზმულობის ვადა, მე სასჯელისგან უნდა გავთავისუფლდე.

აი ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე სხვაგვარადაა, ასეთი პრეცედენტი, ყოველ შემთხვევაში, მე პირადად, არ მახსენდება. სასამართლო განიხილავდა ბრალდებას ფულის გათეთრების მუხლით, სასამართლოს არ უმსჯელია დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია თაღლითობის მუხლით.

პროკურორმა კი თავის სიტყვაში თქვა, რომ მას ამ მუხლით ბრალი არ წარუდგენია. პროკურატურას შეეძლო ბრალდება წარედგინა როგორც თაღლითობის მუხლით, ისე ფულის გათეთრების. მათ თაღლითობის მუხლი არ წარუდგინეს, რადგან გასული იყო ხანდაზმულობის ვადა და ამის წარდგენის უფლება არ ჰქონდათ, ამიტომაც იყო წარდგენილი ბრალი მხოლოდ ფულის გათეთრებაზე.

– თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ ბრალი გადააკვალიფიცირა, ამ შემთხვევაში რამდენად კანონიერი იყო მსგავსი განაჩენის გამოტანა?

– ახლა რა გააკეთა სასამართლომ: რეალურად მან თქვა, რომ ფულის გათეთრების მუხლი გადავაკვალიფიცირეო და ნაცვლად ამისა, თაღლითობის მუხლით გავასამართლეო.

ანუ გაასამართლა იმ მუხლით, რომლის თაობაზეც, სასამართლოში მსჯელობა საერთოდ არ ყოფილა. ხოლო თუკი რაიმე დანაშაულზე მსჯელობა არ არის, ბრალდებისა და დაცვის მხარის მოსაზრებები არ არის მოსმენილი, მაშინ სასამართლოს საერთოდ რანაირად აქვს უფლება განაჩენზე გადაწყვეტილება მიიღოს. ხვდებით რა ტიპის პრობლემა ჩნდება?

ზოგადად, სასამართლოს გადაკვალიფიცირების უფლება აქვს როგორც მსუბუქ საქმეზე, ისე მძიმე დანაშაულზე, მაგრამ ამისთვის სასამართლოში მსჯელობა უნდა გაიმართოს.

ამ შემთხვევაში კი, კითხვის ნიშნის ქვეშ ეს საკითხი დგება – ჰქონდა თუ არა სასამართლოს იმ მუხლის გადაკვალიფიცირების უფლება, რომლის ირგვლივაც სასამართლო მსჯელობა, საქმის წარმოება საერთოდ არ ყოფილა.

ამას კიდევ ერთი რამ ემატება, რომ ისეთ მუხლზე მოხდა გადაკვალიფიცირება, რომელზეც ხანდაზმულობის ვადა გასულია. ანუ, ფაქტობრივად, ეს ახალი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება იყო, რომელიც კანონის თანახმად, არ შეიძლება მოხდეს.

 

 

 ვის ინტერესში შედის ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტა

 

– სამართლებრივი ნაწილი გასაგებია, თუმცა საინტერესოა კითხვები, რომელიც საზოგადოების ნაწილში ამ თემის ირგვლივ მუსირებს. მაშინ რა მოტივი შეიძლება ჰქონდეს მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას ბადრი ჯაფარიძის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან მიმართებაში?

– აქ ყველაფერი გასაგებია – თუ შევეცდებით მივუდგეთ ობიექტურად და დავივიწყებთ ერთი წუთით პეტრე მოგვწონს თუ პავლე, კონსტიტუციის მუხლი პარლამენტის წევრის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ნათლად და გარკვევითაა განმარტებული.

რატომ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება ბადრი ჯაფარიძეს? რატომ უნდა დაიწყოს საერთოდ ამ საკითხებზე მსჯელობა იმ პირობებში, როცა ერთი რომ მას მიუსაჯეს და გაათავისუფლეს სასჯელის ზომის მოხდისაგან, ხანდაზმულობის გამო.

და, თავისთავად იყო თუ არა ეს თაღლითობა, ჯერ კიდევ დასადგენია, მათ შორის, სასამართლო სისტემაში, რადგან ეს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, მას შემდეგ სხვა ინსტანციებიც არსებობს. ანუ, ე.წ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ არ არსებობს.

რატომ უნდა დაწყოს ამ ფონზე, ამაზე მსჯელობა? – რას უშლის ხელს ან რა საჯარო ინტერესებს ეწინააღმდეგება ბადრი ჯაფარიძის ამ კონკრეტულ პირობებში პარლამენტში ყოფნა? აი, ეს კითხვები ჩნდება.

– მაშინ პირდაპირ გკითხავთ – თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ეს პროცესი შეფასდეს და ხედავთ თუ არა ამ საქმეში პოლიტიკურ ინტერესებს?

– ჩემი აზრით, აქ არსებითი საკითხის განხილვა როგორ ხდება: ამის საფუძველი რა არის, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სასამართლოს გადაწყვეტილება გამორიცხოს და ამაზე მსჯელობა დაიწყოს:

ვფიქრობ, ეს შეიძლება შეფასდეს ან როგორც კრიტიკული ინტერესები ან როგორც პირადი შურისძიება, სხვა საფუძველს მე აქ ვერ ვხედავ.

– პირადი შურისძიება ვის მიერ – უმრავლესობას გულისხმობთ?

– უმრავლესობა ასე ცალკე აღებული ხომ არ არის, არა? იქ არიან ცალკეული პირები, ეს ხდება ვიღაცა პირების მხრიდან… არ ვიცი, იმდენად არაგონივრულია ასეთი მოქმედება, რომ ძალიან მიჭირს ხოლმე რეალური საფუძვლის მონახვა, რადგან ასეთი მოქმედებით, საკუთარ თავსაც აზიანებენ.

– ანუ, რა გამოდის, იციან, რომ ჰარაკირს უტარებენ საკუთარ თავს და მაინც ამ მოტივით მოქმედებენ?

– იცით რა მახსენდება ხოლმე? – ვაჟა-ფშაველას აქვს ერთი ასეთი წერილი, რომელიც სადღაც გასული საუკუნის დასაწყისშია დაწერილი და სადაც ვაჟა ხელისუფლების მოქმედებაზე საუბრობს:

აქ ერთი ანდაზა მახსენდებაო – ვირმა პალო ამოაძრო და იმდენი სხვას ვერ აკრა, რაც თავად იკრაო. რატომ გავიხსენე ვაჟა? არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი მიდგომა სწორია, არამედ იმიტომ, რომ მოქმედებით საკუთარი თავი მაინც არ უნდა დააზიანო.

თუმცა, ასეთი მოქმედება დამახასიათებელია ხოლმე ხელისუფლებისთვის. აი, სადაც გონივრულობის დონე დაბალია, იქ ეს ხშირად ხდება. სადაც მაღალია, იქ იშვიათად ხდება.

ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს: იაგო ხვიჩია