აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი შეიძლება მალე არ დასრულდეს.
„სამწუხაროდ, საშინელებაა, მაგრამ ეს მალე შეიძლება არ დასრულდეს. ასე რომ, ეს ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ ერთად ვიღებთ, უნდა გაგრძელდეს. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, გაერთიანებულნი უნდა ვიყოთ ზიზღში იმის მიმართ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა გააჩაღა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს მანამ, სანამ ომი არ დასრულდება, სანამ რუსული ძალები არ გავლენ, სანამ უკრაინელი ხალხი არ დაიბრუნებს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, დაუშვებელია გავლენის სფეროები და ყველა ეს პრინციპი დარტყმის ქვეშაა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო.
„დღეს დმიტრო კულებამ შეხვედრაზე გვაჩვენა ფოტოები. ერთ ფოტოზე იყო მგლოვიარე მამა. ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ ომსა და მშვიდობაზე ვსაუბრობთ. ეს ნიშნავს ათასობით ადამიანურ ტრაგედიას, რომელიც ვლადიმერ პუტინის და მისმა ომის სასარგებლოდ გაკეთებულმა არჩევანმა გამოიწვია. საუბარია ფუძემდებლურ პრინციპებზე, რომელიც ერთად ჩამოვაყალიბეთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რადგან კიდევ ერთი ომი აღარ გვსურდა. ეს პრინციპები საერთაშორისო სისტემის ამოსავალია, რაზეც დაფუძნებულია მშვიდობა და სტაბილურობა. ერთმა სახელმწიფომ მეორის წინააღმდეგ აგრესია არ უნდა აწარმოოს, არ უნდა ჰქონდეს ძალისმიერი მეთოდებით საზღვრების შეცვლის მცდელობა“, – აღნიშნა მან.