LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ომი გადაიზრდება მსოფლიო ომში, ამიტომ უნდა შეჩერდეს ახლა“ – რას ამბობს ზელენსკი რუსეთის 3 მოთხოვნაზე

495
Zelensky-urges-Putin-to-start-the-dialogue-and-end-Russian

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას აქვს შესაძლო გამოსავალი რუსეთის სამ მოთხოვნასთან დაკავშირებით – პუტინმა უნდა შეწყვიტოს ულტიმატუმების დაყენება და დაიწყოს დიალოგი. ამის შესახებ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა ზელენსკის ჩამოუთვალა რუსეთის მოთხოვნები, რაც მოიცავს უკრაინის მიერ NATO–ში გაწევრიანებაზე უარი თქმას, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დამოუკიდებლობისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინა ულტიმატუმებს არ დათანხმდება, თუმცა კიევს სამივე საკითხზე შესაძლო გამოსავალი აქვს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ხალხი, ვინც ის აირჩია, არ არის მზად კაპიტულაციისთვის და უკრაინელები არ არიან მზად ულტიმატუმებისთვის, თუმცა ქვეყანას შეუძლია რუსეთთან ყირიმისა და დონბასის მომავალზე ისაუბროს.

„ეს არის მორიგი ულტიმატუმი. ჩვენ არ ვართ მზად ულტიმატუმზე დათანხმებისთვის, თუმცა, ჩვენ გვაქვს შესაძლო გამოსავალი კრემლის სამ მოთხოვნაზე საპასუხოდ. მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა შეწყვიტოს მოთხოვნების დაყენება და დაიწყოს დიალოგი. ჩემი აზრით, ახლა პუტინი არის მოქცეული საკუთარ საინფორმაციო ვაკუუმში. ის იღებს ინფორმაციას, რომელიც რეალობას არ შეესაბამება“, – განაცხადა ზელენსკიმ და ამასთან თქვა, რომ დენაციფიკაცია, რომელსაც პუტინი უკრაინას სთავაზობს, არის უკრაინული ერის განადგურება.

მისი თქმით, ეს არის ნაციზმი, როგორც 40-იან წლებში.

ზელენსკიმ ქვეყნის დასაცავად მთელი მსოფლიოდან უკრაინელი სამშვიდობოები გამოიძახა

„ეი-ბი-სის“ ცნობით, ინტერვიუში ზელენსკიმ დაადასტურა, რომ დასავლეთი მას უკრაინიდან უსაფრთხოდ გაყვანას სთავაზობდა, თუმცა ის აპირებს, სამშობლოში უკანასკნელ წუთამდე დარჩეს. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ არ იცის, რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევას.

„ერთ უკრაინელ ჯარისკაცზე 10 რუსი სამხედრო მოსამსახურე მოდის, ერთ უკრაინულ ტანკზე 50 რუსული ტანკი მოდის, მაგრამ ჩვენ მათ ვანადგურებთ და ეს სხვაობა მცირდება. ახლა ისმის კითხვა, რამდენ ხანს შევძლებთ გაძლებას. ბევრი რამ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ჩვენს ყველა ქალაქში შემოვლენ, იქნება პარტიზანული ომი და არავინ დათმობს უკრაინის დამოუკიდებლობას. დღეს ომი უკრაინაშია, ხვალ ის იქნება ლიეტუვაში, შემდეგ პოლონეთში და გერმანიაში. ეს სერიოზულია. აშშ შორს არის, თუმცა ბოლო დღეებში ვგრძნობ, რომ ის უფრო ახლოს არის უკრაინასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ფრენებისთვის აკრძალული ზონა საჭიროა, რომ უკრაინამ რუსული რაკეტების ჩამოგდება შეძლოს. როგორც მანვე აღნიშნა, ამის აშშ–ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უთხრა. ვფიქრობ და ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს მეტი შეუძლია გააკეთოს.

ინტერვიუს დროს ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, შეაჩეროს ომი უკრაინაში.

ზელენსკი: გვიწევს ავიტანოთ ის, რაც არც ერთ ევროპელ ერს უკვე 80 წელია არ უნახავს – სწორედ ჩვენს მიწაზე წყდება გახდება თუ არა ვინმე სხვა ევროპაში მსგავსი აგრესიის მსხვერპლი

„როდესაც ვიღაც კარგავს გონებას, მაშინ უნდა დაკარგო შიში და დაივიწყო კომერცია. თავი უნდა დაიცვა, უნდა იყოთ მორალური სახელმწიფოც და კომპანიაც.“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

„პუტინს აქვს შესაძლებლობა, შეწყვიტოს ეს ომი, რომელიც მან თავად წამოიწყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰგონია, რომ ომი მას არ დაუწყია, მან უნდა იცოდეს ერთი მნიშვნელოვანი რამ – მას შეუძლია ომის შეჩერება. მივმართე არაერთ დასავლელ ლიდერს და ვუთხარი, რომ ეს ომი გადაიზრდება მსოფლიო ომში, ამიტომ ის უნდა შეჩერდეს ახლა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები