“ეს არის მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აზრი, ვგულისხმობ საია-ს და ბატონი ვახუშტის აზრს. არის საკითხი, რომელზეც ჩვენ ვერ შევთანხმდით. ეს არის საკითხი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარების მონაწილეობას ეხება”, – ამ განცხადებით გამოეხმაურა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის თანათავმჯდომარე, “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის კრიტიკას “ტვ პირველის” ეთერში.
ვახუშტი მენაბდემ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვახუშტი მენაბდემ აღნიშნა, რომ კვლავ შეუთანხმებელი რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები – საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემა.
როგორც იოსელიანმა თქვა, ეს არის მხოლოდ ერთი ორგანიზაციის მოსაზრება და ამ ნაწილში ვერ შეთანხმდნენ:
“ჩვენ ვთვლით, რომ მაჟორიტარული კომპონენტი – პროპორციით ერთი ოთხზე უნდა შენარჩუნდეს. მათი აზრია, რომ მთლიანად პროპორციული უნდა იყოს როგორც თბილისში, ისე მთელს საქართველოში. ამ ნაწილში ვერ შევთანხმდით. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრება ნაწილობრივ მაჟორიტარების შენარჩუნების იდეის სასარგებლოდაა. მაგალითად, ალეკო ელისაშვილის ბიოგრაფია ადასტურებს იმას, რომ, რომ არა მაჟორიტარული სისტემა, ის საერთოდ ვერ შეძლებდა პოლიტიკურ აქტივობას. შესაბამისად, ადამიანებს არ უნდა მოვუსპოთ ეს შესაძლებლობა.
არასამთავრობოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ადმინისტრაცია სრულიად პროფესიული წესით უნდა დაკომპლექტდეს. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ პარტიული კომპონენტი უნდა იყოს შენარჩუნებული, ანუ ყველა პარტიას ჰყავდეს თავისი წევრი კომისიაში. ახლა ყველა პარტიას ეყოლება თავისი წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მეორე მხრივ, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული ადამიანები უნდა შევარჩიოთ სწორი კრიტერიუმებით. მთავარია, ხელისუფლებამ იქ ვერ შეძლოს მისდამი ლოიალურად განწყობილი პირების შეყვანა”. – თქვა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, დღეს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც კვლავ მოსაგვარებელია.