ცნობილი ფოტოხელოვანი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს ეხმაურება და წერს, რომ ეს კანონი მკვეთრად შეაფერხებს დემოკრატიულ პროცესებს, ოპოზიციურ დამოკიდებულებას, რაც სახელმწიფოებრიობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
„მე ვფიქრობ, უნდა შეწყდეს განხილვა კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მით უფრო, იმის ფონზე, რომ დასავლეთიდან კრიტიკა ისმის, განსაკუთრებით, ევროკავშირიდან და თანაც, ეს ყველაფერი ხდება ასოცირების სტატუსის მონიჭების წინ.
დათო გორგილაძე: ყველაზე სამარცხვინო და მოუშორებელ იარლიყს უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის შესახებ სწორედ ის მიიკრავს, ვისაც ეს კანონი თავში მოუვიდა და ის, ვინც მხარს დაუჭერს
„არათუ ამ კანონპროექტის მიღება, მისი ინიცირებაც კი ბოროტებაა და ძალიან ბევრს ამბობს მისი ინიციატორების გეგმებსა და ზრახვებზე.“
ეს კანონი მკვეთრად შეაფერხებს დემოკრატიულ პროცესებს, ოპოზიციურ დამოკიდებულებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრიობისათვის.
ვერ მივხვდი, აგენტად რეგისტრირება რას ემსახურება? ვთქვათ, ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გრანტს იღებს ევროკავშირიდან, აგენტია? რამდენი სასიკეთო საქმე გაკეთდა ევროკავშირის ან იუესაიდის მიერ.
როდის იყო, აგენტები საჯარო დაფინანსებას იღებდნენ ან ხმამაღლა და რეგისტრაციით აცხადებდნენ, რომ აგენტები არიან?
ერთი შეხედვით, კანონპროექტი უწყინარია, ვენეციის კომისიამაც არ დაიწუნოს, მაგრამ შემდეგში უმრავლესობაში მყოფი ხელისუფლებისთვის მის სათავისოდ გადაკეთების ცდუნებას ტოვებს.
სწორედ ასე გააკეთეს რუსეთში და მივიდნენ იქამდე, რომ დემოკრატია მოსპეს. თუ მართლა აგენტების წინააღმდეგ მიმართული კანონი უნდათ, ლუსტრაციის შესახებ კანონი მიიღონ.
ასევე, მოძებნონ გზები, რათა დაიბლოკოს მტრულად განწყობილი ქვეყნებისგან მიღებული დაფინანსება, რომელიც პოლიტიკურ და მედიაგავლენას ხმარდება.
რა არის ამ კანონის მიზანი? – ფინანსური დეკლარაცია? რა, ამის დადგენა აქამდე რთული იყო თუ ვინმე მალავდა? ეს ხომ გამჭვირვალეა?
რაც შეეხება აშშ-ს ვარიანტს, ჯერ ერთი, ამ ქვეყნის ყველა კანონი არ ნიშნავს, რომ ჩვენთან გადმოვიტანოთ (სხვათა შორის, ზოგიერთ შტატში სიკვდილით დასჯაც აქვთ, ასევე, არაერთი უცნაური კანონია), არც იმას ნიშნავს, რომ ყველა კანონი იდეალურია და თანაც, ეს კანონი ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას აქვს.
კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის შესახებ ახლა განხილვის პროცესშია და თუ მართლა ევროკავშირი გვინდა, ეს განხილვა უარით უნდა დასრულდეს.“ – წერს გოგა ჩანადირი.