LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ჯერ კიდევ არ არის ფინიში, ბოლოს აბსოლუტური გაუვალობისკენ მივალთ: რატომაა საცობების პიკი დედაქალაქში

56
IMG_4413

„აქამდე რომ მივიდოდით, რეალურად ამას დიდი ხანია ვამბობ. ყოველ შემთხვევაში, იმ ხაზით და წყობით, როგორც ახლა მივდივართ, ეს ფინიში გარდაუვალი იყო. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ ფინიში არ არის, ბოლოს აბსოლუტური გაუვალობისკენ მივალთ“, – ამის შესახებ „ფორტუნასთან“ საუბრისას „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა და ავტომრბოლელმა მევლუდ მელაძემ განაცხადა და დედაქალაქში არსებული საცობების წინაპირობებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.

მისი მოსაზრებით, თბილისში საცობებს ძირითად შემთხვევაში, არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ქმნის, რაც გამჭოლი გზების, დამაკავშირებლების, ავტოსადგომების არარსებობასა და ზედმეტ შუქნიშნებს უკავშირდება. გარდა ამისა, მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ ქალაქი არასწორი მიმართულებით ვითარდება, რადგან სწორება ძირითად შემთხვევაში მაღალი შენობების მშენებლობაზეა გადატანილი, რაც მისი თქმით, საცობების კიდევ ერთი წინაპირობაა.

 

არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკა?! – რა ქმნის საცობებს რეალურად

„გვინდა არ გვინდა, ქალაქი ვითარდება, შესაბამისად, გაშლა უნდა. რა თქმა უნდა, ქალაქი უნდა გაიშალოს, გაფართოვდეს და რაც შეიძლება განში უნდა გავიდეს, არსებული მოსაზრება კი საპირისპიროა – ის, რომ კი არ უნდა გაიშალოს, არამედ უნდა წავიდეს ისე, როგორც ახლა მიდის, ანუ სიმაღლეში და გაკეთდეს ბევრი კორპუსი.

სიმაღლეში წასვლასთან დაკავშირებით ჩემი არგუმენტი მქონდა და პრინციპში, ახლაც იგივე აზრზე ვარ, რომ ქალაქის ქუჩებს გამტარუნარიანობა ფიზიკურად არ ეყოფა, თუ ის სიმაღლეში გაიზარდა. რეალურად კი, ჩვენ ახლა ამ პროცესს ვხედავთ, ქალაქი მაღლა მიდის“, – განუცხადა „ფორტუნას“ მევლუდ მელაძემ.

დასმულ კითხვაზე, არის თუ არა ინფრასტრუქტურული სამუშაოები საცობების უმთავრესი მიზეზი, როგორც ეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა გვიპასუხა, რომ რეალური მიზეზები გაცილებით მარტივია:

„მესმის, რომ ქალაქის ერთ ნაწილში შეიძლება საცობი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იყოს, მაგრამ ქალაქის მეორე ნაწილში რატომაა მაშინ ხომ? ეს ერთმანეთთან კვეთაში არაა, რეალურად, კვეთაში ძალიან მარტივი რამეებია.

ძველი 2-3 სართულიანი შენობები ინგრევა და შენდება ახალი კორპუსები. აბსოლუტურად ყველა უბანში ასე ხდება და შენდება ბევრი კორპუსი. კორპუსები ახლა მოდური გახდა,„ტრენდია“, რადგან ყველაზე მეტ შემოსავალს წერს. შესაბამისად, სწორება ამაზეა გადასული, რაც იწვევს იმას, რომ ქალაქი მახინჯდება, ამაში ორი აზრი არ არის.

ზემოდან რომ გადმოხედავ, ვერ გაიგებ სად, რა ზომის, ფორმის და დანიშნულების შენობა შენდება. არადა, ევროპული მაგალითები მოჰყავთ, მაგრამ არ აკეთებენ. მაგალითად, იმას, რომ გზები ერთმანეთს შრეებად არაა აცდენილი, არც დამატებით საპარკინგე ადგილებს ქმნიან, რაც ასევე მაგალითად მოჰყავთ ხოლმე.

არის ისეთი ძველი ქალაქებიც, რომლებშიც ჩვენგან განსხვავებით, გარწმუნებთ, რომ ახალაშენებულ კორპუსებს ვერსად ნახავთ. თუ ამ გზით მივდიოდით, მაშინ ისევ ამ გზით უნდა წავიდეთ, რომ ქალაქის ცენტრი შევინარჩუნოთ იმ იერსახით, როგორიც არის, ანუ გალამაზებული ფორმით. ქალაქი გარეთ უნდა გაიშალოს ან სხვა შემთხვევაში, გვინდა თუ არ გვინდა, სხვადასხვა უბნებში დამატებითი საპარკინგე ადგილების გაჩენა მოგვიწევს“, – უთხრა „ფორტუნას“ მევლუდ მელაძემ.

მისი თქმით, საამისოდ მუნიციპალიტეტებს რიგი სახლების ყიდვა მოუწევთ, რასაც როგორც მელაძემ გვითხრა, დიდი დრო აბსოლუტურად არ სჭირდება. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? – ავტომრბოლელის თქმით, ასეთ შემთხვევაში მანქანებს სადგომზე დააყენებენ და ქუჩებში ისე ჩამწკრივებული აღარ იქნება, როგორც ახლაა და რაც ხშირ შემთხვევაში, საცობს იწვევს.

„და მეორე: გზები ერთმანეთს უნდა ასცდეს შრეებად, სხვა შანსი არ გვაქვს. ამასთან, შუქნიშნების ამხელა რაოდენობით გაზრდა კატასტროფაა, რადგან ასეთ შემთხვევაში იქნება საცობის მაპროვოცირებელი მიზეზები. ყველგან შუქნიშნის ჩარჭობა მარტივი გამოსავალი არ არის და ამისი ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო.“ – აღნიშნა მელაძემ.

ზედმეტი შუქნიშნები და არასაკმარისი ავტოსადგომები – საცობების დამატებითი წინაპირობა

„მაგალითად, ბარსელონაში არის ერთი ისეთი გამჭოლი გზა, როგორიც ჩვენთან სანაპიროა, ანუ, გამჭოლი გზა, რომელიც ქალაქზე თავიდან ბოლომდე გადის და რომელზედაც შუქნიშანი საერთოდ არ არის“, – ამბობს მევლუდ მელაძე და დასძენს, რომ ჩვენთან ამ ფუნქციას სანაპირო ასრულებდა, როცა თავიდან ბოლომდე გამჭოლი იყო.

მისი თქმით, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში იგივე პრობლემაა, უბნიდან უბანს დაკავშირება შეუძლებელია, რადგან გამჭოლი გზები არ არის. მელაძის მოსაზრებით, სანამ რომელიმე კონკრეტულ ადგილზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დავიწყებთ, უნდა შევქმნათ გზა, რომელიც დამაკავშირებლის ფუნქციას შეითავსებს.

„საამისოდ კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, პრეზიდენტის ძველი ადმინისტრაციის შენობიდან ბარათაშვილის ხიდისკენ რომ ქვაფენილიანი გზა ჩამოდის, ამ მონაკვეთში მანქანების ძალიან დიდი ნაკადი ჩნდება იმის გამო, რომ საცობებს ასცდნენ, ხოლო შუქნიშანი, რომელიც ამ მონაკვეთს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს 10 წამიანია, რაც იდეაში ამხელა ნაკადისთვის არაფერია, მაგრამ როცა ასეთი მდგომარეობა იქმნება, შუქნიშანი ფუნქციურად მაინც უნდა შეიცვალოს, რასაც სწორედაც რომ ჭკვიანი შუქნიშნები ჰქვია.

ანუ, იმის თქმა მინდა, რომ გზების მოდიფიკაცია შესაძლებელია ისე, რომ საცობები არ იყოს. შესაძლებლობას რომ ვახსენებ, ვგულისხმობ იმას, რომ ეს ახლაც შესაძლებელია და უახლოეს მომავალში, ალბათ აღარ იქნება“, – გვითხრა მელაძემ.

ამასთან, კიდევ ერთი პრობლემა, რომელზედაც მევლუდ მელაძემ ყურადღება გაამახვილა, საავტომობილო გზების სპეციალისტებს უკავშირდება. ავტომრბოლელი მიიჩნევს, რომ უცხოელ სპეციალისტებზე მეტად, ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციები უფრო საჭიროა.

„უცხოელი სპეციალისტი ადგება და წავა, იმას სულ არ აინტერესებს შემდეგ რა იქნება, ქართველ სპეციალისტებს კი ადარდებთ, რადგან აქ ცხოვრობენ და თავისთავად უნდა განიცადონ ის შეცდომა, რასაც დაუშვებს.“– განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბრისას მევლუდ მელაძემ.

 

რამდენად სწორად ვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

მევლუდ მელაძეს ვკითხეთ, რამდენად იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებულია და სწორი მიმართულებით ვითარდება, რაზედაც მან გვიპასუხა, რომ ამ აზრს რამდენიმე მიზეზის გამო არ ეთანხმება, თუმცა ამასთანავე, მიიჩნევს, რომ ის, რაც უკვე გაკეთდა, მისასალმებელია.

„თუ უშუალოდ ტექნიკას დავაკვირდებით, ავტობუსებს, რომელიც საზოგადოებას ემსახურება, მართლა ძალიან კარგია და ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ ერთი ის, რომ საკმარისი რაოდენობით არ არის და თუ რომელიმე მთავრობის წარმომადგენელი იმგზავრებს, მიხვდება, როგორაა გადაჭედილი ავტობუსებიც და მეტროც.

მეორე ისაა, რომ ეს ავტობუსები ჩვენი ქალაქის ძველ უბნებში ვერ ივლიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ქალაქის მოწყობა სხვანაირია და თუნდაც ის, მცირე ზომის ავტობუსებიც კი, რომლებიც ამ უბნებში დადიან, საკმაოდ დიდ გაჭირვებაში არიან.

ხშირად ხდება ისეც, რომ ზუსტად ამ პატარა ავტობუსებს, ავტოსადგომების არარსებობისა და შესაბამისად, ქუჩებში გაჩხერილი ავტომობილების გამო პატრულის გამოძახება უწევთ, რომ რამენაირად გზა გაუთავისუფლონ. და, იმის გამო, რომ ეს ამბავი უკვე ჩვეულებრივი გახდა, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

მოკლედ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გააქტიურების ნაწილში შემიძლია გითხრათ, რომ ცუდი არ იქნება თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის „დაგვჩაგრავს“ ისე, რომ მასში იძულებით კი არ გადავსხდეთ, არამედ პარალელურად განვითარდეს ისე, რომ მოსახლეობისთვის გადაადგილება კომფორტული გახდეს“, – აღნიშნა მევლუდ მელაძემ.

მისი თქმით, საამისოდ საჭიროა ბევრი ხაზი გაკეთდეს – უფრო მოქნილი და ბევრი ტრანსპორტით.

„ყველანაირი ტრანსპორტი მაქვს: „სქროლი“, ველოსიპედი, მოტოციკლი, მანქანა და ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ექსპერიმენტს ვატარებ.

მარტივ მაგალითს მოგიყვათ, მე თვითონ ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ, აბა სცადეთ და ზოოპარკიდან და ამ ქუჩისკენ ამოსვლა სცადეთ, ავტობუსით ამოსვლის დროდ 1 საათსა და 15 წუთს წერს, რადგან რამდენიმე გადაჯდომაა საჭირო მაშინ, როცა მანძილი 1 კილომეტრია, თან ეს ხდება ქალაქის ცენტრში, აღარაფერს ვამბობ უბნიდან უბანში დაკავშირებაზე.

ამდენად, კი, ვვითარდებით, მაგრამ ტემპი არის ძალიან დაბალი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწყობამ იმდენად დააგვიანა, იმდენად ნელია, რომ ვერ ეწევა იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც გაჩნდა. ანუ, ქალაქში გაცილებით დიდია მაღალი შენობების მშენებლობა და შესაბამისად, ბევრი ადამიანის გადაადგილდება იმატებს, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამას ეწევა.“– დასძინა მევლუდ მელაძემ.