LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იყო ვაჟკაცობა, თაგვივით გაიქცა, იმედია, ქალი არ შეცვლის – ექსპერტები ვაშაძის წასვლას აფასებენ

646
1

„ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძე წავიდა. ზოგისთვის ეს დიდი მოულოდნელობა იყო. როგორც ცნობილია პარტიის ფაქტობრივ ლიდერ მიხეილ სააკაშვილთან მას  “ნათელ-მირონიც” აკავშირებს.

განცხადებიდან, რომელიც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ირკვევა, რომ ვაშაძისთვის პარტიაში ბევრი რამ მიუღებელი იყო.

რას შეცვლის ვაშაძის წასვლა ქართულ პოლიტიკაში, ვინ  დაიკავებს მის ადგილს,  რა ბედი ელის პარტიას, რომელიც 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა?

ეს მცირე ჩამონათვალია კითხვების, რომელიც ვაშაძის წასვლამ საზოგადოებაში გააჩინა.

ქართველი ექსპერტები ვაშაძის საქმიანობას არაერთგვაროვნად  აფასებენ. ზოგი ფიქრობს, რომ ის ვაჟკაცურად მოიქცა, ზოგიც დარწმუნებულია, ის უბრალოდ თაგვივით გაიქცა.

გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

„ფორტუნა“ გთავაზობთ ექსპერტების მოსაზრებებს შეცვლილ პოლიტიკურ რეალობაზე. 

 

თორნიკე შარაშენიძე: მნიშვნელობა არ აქვს ვინ შეცვლის ვაშაძეს. მან უნდა შეასრულოს, რასაც  სააკაშვილი ეტყვის, თუ არადა წასვლა  მოუწევს 

„ნაციონალური მოძრაობის ბედი დამოკიდებულია სააკაშვილის კეთილდღეობაზე. სანამ ის ძლიერია და უკრაინაში რაღაც თანამდებობაზე არის, პარტიას ექნება რესურსები. თუ სააკაშვილი იქნება სუსტი, პარტიაც ძალიან დასუსტდება.

რა თქმა უნდა, ვაშაძისნაირი ფიგურის წასვლა მას  რეპუტაციურად დაარტყამს, მაგრამ ბუნებრივია, პარტია არ დაიშლება.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ შეცვლის ვაშაძეს. ვინც არ უნდა მოვიდეს, მან უნდა შეასრულოს, რასაც ეტყვის სააკაშვილი, თუ არადა მოუწევს წასვლა. ისევე, როგორც წავიდა ვაშაძე.

რიგგარშე არჩევნები რომ ცჩატარდეს, ოპოზიცია იგივე შედეგს ვერ დადებს, რაც ფული ჰქონდათ, ის დახარჯეს და რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში ფულს საიდან მოიტანენ? მიჭირს ამის თქმა. მოგებული თავისთავად კვლავ „ქართული ოცენება“ იქნება.

ახლა თვალს ოპოზიციის ჩიხში შესვლას ვადევნებთ.  არჩევნების მეორე დღეს ქუჩაში გასვლა და იმის თქმა, რომ პარლამენტში არ შევალო,  ეს იყო ჩემი აზრით შეცდომა და დამღუპველი პარტიებისთვის.

ეს იყოს მიშას თამაში, რომელმაც მთელი ოპოზიცია მშვენივრად აიყოლია. მიშას უნდა ძალაუფლების დაბრუნება და არა პარლამენტში შესვლა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს“ – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

ნიკა ჩიტაძე: ქალი ლიდერი არ მინდა, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს

„გრიგოლ ვაშაძის წასვლა დასანანია. რაფინირებული, ინტელიგენტი ადამიანია.  მან საქართველოსთვის ბევრი კარგი  რამ გააკეთა. ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთს დიპლომატიური ომი მოვუგეთ, სწორედ მისი დამსახურებაა.

რუსეთის ზეწოლის მიუხედავად მსოფლიოს ქვეყნებმა  აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა არ სცნო და ეს სწორედ მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

აშკარაა პარტიაში გარკვეული უთანხმოება იყო. ვაშაძე არ გამოირჩევა რადიკალურობით და ეს კარგია. ის მაგიდაზე მუშტს არ ურტყამს და შეიძლება აღვიქვათ, რომ  ძლიერი ლიდერი არაა, მაგრამ მან საქმით დაამტკიცა, რომ ძლიერია.  პარტიაში გარკვეული უთნხმოება შეიძლება არსებობდა, მაგრამ მგონია, რომ  ეს არ უკავშირდება პარლამენტში შესვლა -არშესვლის საკითს.

ელჩები, შენი დასავლელი პარტნიორები არ უნდა აკრიტიკო. გასაგებია, რომ  ბატონ ნიკა გვარამიას თავისი აზრი აქვს. მაგრამ ვაშაზის პოზიციაც გასაგებია, ამ შემთხვევაში დიპლომატია აუცილებელია.

რას შეცვლის ვაშაძის წასვლა?…

ვინ ჩაენაცვლება ვაშაძეს?

სკანდალური განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ  უკვე გაჩნდა გვარები, რომელიც შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიო.

დე ფაქტო ლიდერად დარჩება სააკაშვილი. ეს არ ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება. „ნაციონალურ მოძრაობას“ სტაბილური ელექტორატი ჰყავს. რაც აძლევს მას იმის გარანტიას, რომ ოპოზიციურ სპექტრში მთავარ ოპოზიციურ პარტიად დარჩეს.

პარიაში ლიდერად შესაძლოა, ნიკა მელია ვიხილოთ, რომელიც ქარიზმატური და ახალგაზრდაა. თუმცა შეიძლება იყოს გიორგი ბარამიძეც.

გარკვეულ მიზეზთა გამო ქალი ლიდერი არ მინდა, რომ იყოს თავმჯდომარედ. გენდერული ბალანსის მომხრე ვარ, მაგრამ  როგორიც არის ადამიანი, ისეთივე არის მის მიერ განხორციელებული პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, პიროვნულ თვისებებზე ბევრი რამ არის დამოკიდბული“- ამბობს ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბარში.

 

სანდრო თვალჭრელიძე: გრიგოლ ვაშაძის დღევანელი საქციელი ვაჟკაცურია

„ხშირად ვაკრიტიკებდი გრიგოლ ვაშაძის ნაბიჯებს, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ მისი დღევანდელი საქციელი არის:

ა. ვაჟკაცური.

ბ.სახელმწიფო ინტერესებით გამოწვეული.

გ. ემსახურება ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას.

ვფიქრობ, რომ ვაშაძის საქციელი სწორია და მეც ასე მოვიქცეოდი.

ვინ დაიკავებს მის ადგილს, დამოკიდებლია იმაზე თუ  რომელი ფრთა გაიმარჯვებს პარტიაში. პარტიაში აშკარად ორი ფრთაა. არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ განახლება და არიან ადამიანები, რომლებიც წარსულს მისტირიან და სულ ვარდების რევოლუცია ახსენდებათ. იქიდან გამომდინარე, თუ ვის აირჩვენ პარტიის ლიდერად, შეიძლება ვივარაუდოთ, პარტიის შემდგომი პოლიტიკა.

რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, მაგრამ რომ ჩატარდეს, „ოცნება“ უფრო ძლიერი, ოპოზიცია კი სუსტი იქნება“- განაცხადა თვალჭრელიძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.

რუსუდან თევზაძე: თაგვივით გაიქცა…

„ვაშაძის საქციელი ჩემთვის ერთ რამეს ნიშნავს. ეს არის პირადი მოცემულობის გადარჩენა და მეტი არაფერი. ჩემთვის არაა ობიექტური საფუძველი, როცა ვაშაძეზე საუბრობენ, რომ ის არის ძალიან გამოცდილი და კარგი დილომატი. არანაირი პირადული უთანხმება მასთან არ მაქვს, უბრალოდ დროსა და სივრცეში მის პოლიტიკურ მოღვაწეობას ვაკვირდებოდი. საუბრობენ, რომ ის არის კვალიფიციური და გამოცდილი დიპლომატი. ასეთი პროფესიონალი არც ერთ შემთხვვაში იმ ქმედებებს არ ჩაიდენდა, რაც მას აქვს გაკეთებული. თუნდაც პოლიციელისთვის თავში ჩარტყმა გავიხსენოთ. გასაგებია, რომ ადამიანია, მაგრამ მას თმენის ვალდებულება აქვს.

არ მგონია, რომ მისი დღევანდელი ნაბიჯი გულწრფელი ემოციებით იყო ნაკარნახევი. უბრალოდ  მიხვდა, რომ პირადადაც დაიღუპებოდა და გადაწყვიტა ის, რაც გადაწყვიტა. მისმა ამ  გადაწყვეტილებამ არც მომხიბლა და არც გული მომილბო. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ თაგვივით გაიქცა. თუ ადამიანი პრინციპული ხარ, მაინც სჯობს, რომ ბოლომდე მიჰყვე შენს კოლეგებს და დაარიგო. მე არ ვიცი, პარტიის შიგნით რა მოხდა. შეიძლება, მსგავსი საუბრები იყო და ვერაფერს გახდა. მაგრამ ეს ჩემთვის არაფერ ცვლის. მას ისეთი შეცდომა აქვს დაშვებული, რომელიც მაღალი რანგის დიპლომატმა არ შეიძლება, დაუშვას.  

გრიგოლ ვაშაძეს პოლიტიკაში ვეღარ ვხედავ. კოჰაბიტაციის ფორმატში ვინმეს შეიძლება, დაუმეგობრდეს, თუ დაიმეგობრეს. მაგრამ ჩემთვის მას ისე წითელი ხაზი აქვს გადასმული, რა ტიპის რებრენდინგიც არ უნდა გაიაროს, მგონია, რომ ყველაფრის ასე მარტივად პატიება არ  მოხდება.

მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ სპექტრში ვეღარ იქნება პირველი ოპოზიციური პარტია. ასე მათ ვეღარ ვხედავ. აშკარაა, რომ პარტიაში დიდი შეუთავსებლობაა.

რებრენდინგი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ადამიანური და პროფესიონალური რებრენდინგი შეუძლებელია“ – ამბობს “ფორტუნასთან” რუსუდან თევზაძე.

“ვერ გავიზიარებთ იმ განცხადების პათოსს და შინაარსს, რომელიც ჩვენთან შეუთანხებლად გამოაქვეყნა” – “ნაციონალური მოძრაობა” ვაშაძეს აკრიტიკებს

ლადო ბოჟაძე: ოთხი წელია პარტიის თავმჯდომარეა და ხუთი წუთიც არ ყოფილა საკუთარ გადაწყვეტილებებში თავისუფალი

„გრიგოლ ვაშაძის დღევანდე განცხადებას  ხანგრძლივი ისტორია აქვს. თქვენ იცით, რომ ეს ადამიანი ფაქტობრივად ოთხი წელია პარტიის თავმჯდომარეა და ხუთი წუთითაც არ ყოფილა საკუთარ გადაწყვეტილებებში თავისუფალი.  მას მუდმივად ჰქონდა პრობლემები იგივე მიხეილ სააკაშვილთან, ნიკა მელიასთან და სხვა ლიდერებთან. მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტში შესვლა -არშესვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, ახლა, მას დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება.

2024 წლის არჩევნებზე ბარიერი ხუთპროცენტიანი უნდა იყოს. ოპოზიციამ დააყენა მოთხოვნა, ბარიერის შესაძლო დაწევის შესახებ. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ „გაჯიუტება“ და პარლამენტში არშესვლა სწორედ ამ მოთხოვნას უკავშირდება. რადგან კონსტიტუციურ ცვლილებისთვის საჭირო ხმები ვერ შეგროვდება და ეს პირველ რიგში აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“.

რიგგარეშე არჩევნები თვისობრივად არაფერს შეცვლის. დიდიალბათობით არ ჩატარდება, მაგრამ რომც ჩატარდეს, „ოცნება“ მოგებული დარჩება“ -ამბობს ლადო ბოჟაძე ჩვენთან საუბარში.