პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
ჟურნალისტის კითხვაზე – შესაძლოა თუ არა, არჩევნებში ჩართვის შემთხვევაში, ამომრჩეველმა სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას გუნდში იხილოს, ანა ბუჩუკური ჰპასუხობს:
„მისი გადასაწყვეტია, მანდატს ბოლომდე შეასრულებს, თუ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იქნება. რაც შეეხება, ვიხილავთ თუ არა გიორგი გახარიასთან, ეს ისეა, როგორც ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონდეს, მერცხალი იქნებოდა. დანარჩენი ჭორაობაა“, – თქვა ანა ბუჩუკურმა.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა შეძლო, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე ღირსეული პოზიცია დაეფიქსირებინა:
„სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს წარმოადგენს. ის ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას ნაკლებად მოსწონს, ჩვენ პიროვნებაზე არ ვსაუბრობთ, მასზე ვსაუბრობთ, როგორც ინსტიტუციაზე.
მან შეძლო, რომ ბოლო პერიოდში ღირსეული პოზიცია დაეფიქსირებინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე. რაც შეეხება მის როლს, მნიშვნელოვანია, რომ მან ბოლომდე მიიყვანოს მანდატი.
მას 2024 წელს პრეზიდენტის მანდატი უნდა ჰქონდეს. შესაძლოა, ის ამ დროისთვის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი აღმოჩნდეს და მისი მხრიდან არჩევნების დაცვა მნიშვნელოვანი იქნებოდა“, – თქვა ანა ბუჩუკურმა.