თბილისის ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ცენტრში, რომლის ერთ-ერთი მიზანი ისტორიული დაწესებულების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა და მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლაა, თავს მოიყრის მცენარეთა დაცვის ლაბორატორია, ეროვნული თესლის ბანკი, ქსოვილური კულტურის ლაბორატორია, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და ეკოსაგანმანათლებლო.
დედაქალაქის მერმა ბაღის თანამშრომლებს და საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”, ბოტანიკური ბაღის შენარჩუნებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
“დღეს ბოტანიკურ ბაღში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც ბაღის ტერიტორიაზე ბოტანიკური ცენტრის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის სრულად განხორციელებას დაახლოებით, წელიწადნახევარი დასჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მომუშავე ადამიანებს ნორმალური პირობები ექნებათ, რადგან მათი შრომა ფასდაუდებელია. ეს იქნება საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც იმ ახალგაზრდებს, რომელთაც სამომავლოდ ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი და ინტერესი აქვს, გადამზადებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემა, რაც მათ მომავალ საქმიანობაში დაეხმარება. მადლობა ყველა თანამშრომელს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღი შენარჩუნებული, მოვლილი და გალამაზებული ყოფილიყო. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”. მათი როლი ბოტანიკური ბაღის შენარჩუნებასა და განვითარებაში ძალიან დიდია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ღონისძიებაში ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) გენერალურმა მდივანმა პოლ სმიტმა მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, პროექტი საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი იქნება და ბოტანიკური ბაღის განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის. მინდა, თამამად ვთქვა, რომ ეს იქნება მსოფლიო დონის ბოტანიკური ბაღი. მოხარული ვართ, რომ აღნიშნულ პროცესში ჩვენც ვმონაწილეობთ. მივესალმებით საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოს იმ ეროვნული ბოტანიკური ბაღების ოჯახში, რომელთაც მცენარეთა კონსერვაციაში, მეცნიერებასა და საჯარო განათლებაში მნიშვნელოვანი შრომა აქვთ ჩადებული”, – განაცხადა სმიტმა.
ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე აცხადებს, რომ ახალი ბოტანიკური ცენტრი ლაბორატორიულ და ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. ბოტანიკური ცენტრის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება და 2.7 მილიონი ლარი დაჯდება.