LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს, პირველ რიგში, კარანტინის წესია შესაცვლელი: კაპანაძე ენგურის გადმოკვეთისას გარდაცვლილ მოქალაქეებზე

97
სერგი კაპანაძე

“ეს არის ძალიან არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ ადამიანებს კარანტინში უშვებს და ამით, მათ უსაფრხოებსაც პრობლემებს უქმნის.” – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ეხმიანება დღეს მომხდარ ტრაგედიას, რა დროსაც გალიდან მდინარის გადმოცურვის მცდელობისას სამი ადამიანი დაიხრჩო.

კაპანაძის განცხადებით, მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ არასწორ პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყანას ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მიმართ აქვს:

“ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტია. როგორც ჩანს, ისინი შემოვლითი გზებით, ჩუმად აქეთ მოდიოდნენ, რადგან იციან, რომ აქ კარანტინში ხვდებიან. რა ინფორმაციაც გავიგე და რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია, მათ იმის გამო, რომ კარანტინისთვის თავი აერიდებინათ, გადაწყვიტეს, ასეთი გზით წამოსულიყვნენ და სამწუხაროდ, გზაში დაიღუპნენ. ეს არის ძალიან არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ ადამიანებს კარანტინში უშვებს და ამით, მათ უსაფრხოებსაც პრობლემებს უქმნის. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ძალიან არასწორ პოლიტიკაზე, რომელიც ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მიმართ გვაქვს.” – განაცხადა მან.

კაპანაძის განცხადებით, პირველ რიგში, კარანტინის წესია შესაცვლელი:

“პირველ რიგში, კარანტინის წესი არის შესაცვლელი. მაგალითად, თუ ჩვენს მინისტრებს შეუძლიათ სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ და აცრის გარეშე, ყოველგვარი კარანტინის და თვითშეზღუდვის გარეშე იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ეს რომ ადრე გავრცელებულიყო, შესაძლოა, ეს ტრაგედია თავიდან აგვერიდებინა.” – თქვა პოლიტიკოსმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის სოფელ შამგონაში მდინარემ სამი ადამიანის ადამიანის ცხედარი გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გალიდან მდინარის გადმოცურვას ცდილობდნენ.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევა საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს წარმოადგენს და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანურ და დანაშაულებრივ არსს, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

ენგურის გადმოკვეთისას სამი ადამიანი დაიღუპა, რაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების შედეგია: სუს-ი