ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი კლუბებში სპეცოპერაციების ჩატარებას ეხმიანება.
გრძელიშვილის თქმით, პარლამენტთან აქცია, არა ნარკომანების, არამედ ცეკვის თავისუფლებისთვის ჩატარდა.
ის მოუწოდებს ყველას, ახალგაზრდებს იმისთვის ნუ ლანძღავენ, რომ განსხვავებულები არიან.
“აქაც და პირადშიც, ზოგიერთი ფრენდი მეკითხება, ამ ხალხს იცავო? ნარკომანებს და ბარიგებსო? – არავის წავშლი და წმენდას არ გამოვაცხადებ.
ვეცდები აგიხსნათ: როცა ინდურ კინოს უყურებ – ადვილია. ის ბოროტია, ცუდი. დაჩაგრული კეთილია, კარგი. დგები მის მხარეს და ეგ არი. დღეს კი რთულია – იქ ვიღაცა ბიჭს საყურე უკეთია, ვიღაცას კიკინა აქვს. ვიღაცა გოგოს მწვანე თმები აქვს და თან შესაძლოა, თქვენთვის გაუგებარ მუსიკაზე, თქვენთვის გაუგებრად ცეკვავდნენ. თან, ამბობენ, ნარკომანიას იცავენო ესენიო, ნარკობარიგებსო…
ჩემო კეთილებო – ეს, განსხვავებულად გამოსახული ხალხი ნარკომანიას კი არა, ცეკვის თავისუფლებას იცავს. ასევე, იცავს ჩაცმის, გამოსახულების და გამომეტყველების თავისუფლებას. მესმის, ძნელია მწვანეთმიანი გოგონას დაცვა, ან კიკინიანი ბიჭის… ამ დროს უფრო ადვილი ნარკო ბარიგების ხსენება და მათი ლანძღვაა. მაგრამ ვშიშობ, ამ შემთხვევაში (რუსთაველს ვგულისხმობ) ბარიგა ის კატაა, ბნელ ოთახში რომ არ იმყოფება.
ან როგორ ფიქრობთ – მკვლელ ნარკოტიკებს კლუბებში ამზადებენ? როგორ შემოდის? საიდან? რამდენი? ვინ ანაწილებს? ნარკობარიგები ბაზრობის ჩანთებით დადიან და ასე, ცალ-ცალკე შემოაქვთ? თუ ასეა, საზღვარი რას აკეთებს? თუ ბითუმად შემოდის, როგორ და ვინ მფარველობს? გაყიდვიდან შემოსული ფული თავს სად იყრის? საყიდელად ფული როგორ გააქვთ? ნარკოდანაშაულთან ბრძოლის უწყებათაშორისი ცენტრი არსებობს? სტრატეგია არსებობს? ჯანსაღი ცხოვრების ალტერნატივა, უბნების დონეზე – აუზების, სტადიონების, ფიტნესების სახით არსეობს? – ნახეთ, რამდენი შეკითხვაა? – კლუბსაც გავცდით და კლაბერებსაც. მწვანე თმიანი და კიკინიანი გოგო-ბიჭებიც დაგვავიწყდა… ასე რომ – ნარკოტიკები ვისაც გვაწუხებს – და სამართლიანადაც გვაწუხებს, დავსვათ შეკითხვები და პასუხებიც ჯიუტად მოვითხოვოთ. ბოღმაც შევიკავოთ – უფრო ლაღები და თავისუფლები ვიქნებით. რუსთაველზე შეკრებილ ხალხს კი ნუ ვლანძღავთ. მაგრობა, სარწმუნოებაშიც და მის გარეთაც, განსხვავებულის დაცვა და სიყვარულია, თუ არა დავით აღმაშენებელის ქება ადვილია (თუმცა ვგონებ, საყურეები მასაც ეკეთა)”, – წერს დაჩი გრძელიშვილი.