LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს გამარჯვებაა თუ დამარცხება, საუბარი ნაადრევია” – გენერალური პროკურორი სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის სარჩელის წარმოებას ეხმიანება

96
Untitled design

სტრასბურგის სასამართლოს მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებას გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ეხმიანება.

საუბარია საქმეზე “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის.

რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, განხილვის არსებით ეტაპზე გადადის.

გენერალური პროკურორის განცხადებით, ეს სასამართლოს ხანგრძლივი სამართალწარმოების ერთ-ერთი ეტაპია და გამარჯვებასა და დამარცხებაზე საუბარი ნაადრევია:

“შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სტრასბურგის სასამართლოს ხანგრძლივი სამართალწარმოების ერთ-ერთი ეტაპი. რაც შეეხება ეს გამარჯვებაა თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია, შემიძლია გითხრათ. დაცვა თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევს, ძალიან საოცარია, ალბათ, ისინი გამარჯვებად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ სტრასბურგს 6 თვის ნაცვლად, თვენახევრის დაგვიანებით მიმართეს, პანდემიის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ ეს საპატიოდ ჩათვალა და დასაშვებად ცნო სარჩელი. ალბათ, მათთვის ეს არის გამარჯვება, რომ ეს შეცდომა ეპატიათ. მეტი მათი გამარჯვების არანაირი ნიშანწყალი ჯერჯერობით არ არსებობს.

პროცესი გრძელდება, წინ არის ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი, არსებითი განხილვა და სახელმწიფო ამ პროცესზე ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით და არგუმენტებით არის წარდგენილი”, – თქვა შოთაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას – მიმდინარეობს თუ არა სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ მართლმსაჯულება, გენერალური პროკურორი პასუხობს:

“ბრალდებული და მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება არის დაცული, მათ შორის, დაცვის უფლებაც, ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა. რაც შეეხება ე.წ. პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, საზოგადოებას შევახსენებ იმ საქმეებს, რომელზეც დღეს დღეობით მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებული თუ ბრალდებულია. საუბარია, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ვალერი გელაშვილზე თავდასხმაზე, 7 ნოემბრის მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე, კერძო ტელევიზია “იმედში” შეჭრასა და დარბევაზე, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისათვის ქონების წართმევაზე. საუბარია, მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. შესაბამისად, რა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ, გაუგებარია. ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია თითოეული ეს საქმე და ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია ამ საქმეებში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა, მისი როლი”, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

შეგახსენებთ, საქმე “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საქმეში, რომელიც ვალერი გელაშვილის ეპიზოდს და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას გულისხმობს, საქართველოს ძალიან მყარი არგუმენტები აქვს.

სააკაშვილი ხელისუფლებას: სჯობს, თვითონ გამიღოთ ციხის კარები, სიტყვას გაძლევთ, შურისძიების სურვილი კი არა, წყენაც კი არ დამრჩება