ჯანდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და ის ასრულებს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც მიღებული იქნება – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს შეეხებოდა.
კითხვაზე, რამდენად ემთხვევა მინისტრისა და საპატრიარქოს პოზიცია ერთმანეთს და უნდა იყოს თუ არა აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტიდან გამოწვეული, დავით სერგეენკოს განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებულ მსჯელობაში ფართო საზოგადოება იქნება ჩართული.
„პარლამენტმა უკვე გააკეთა ძალიან დეტალური განცხადება, რომ ამ კანონპროექტის განხილვა, თუკი ეს მოხდება, მოხდება საზოგადოების ფართო ჩართულობით. ჯანდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და ის ასრულებს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც მიღებული იქნება. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს გადაწყვეტილება იზოლირებულად მიღებული არ იქნება და მასზე მსჯელობაში ფართო საზოგადოება იქნება ჩართული,” – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ „კანაფის კონტროლის შესახებ” კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადადო.
პროექტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, საქართველოში მცენარე კანაფის მოყვანა-კულტივაციას ითვალისწინებს საექსპორტო მიზნებისთვის.