“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ბერა ივანიშვილის ინტერვიუში, რომელიც გუშინ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავიდა, არა მხოლოდ აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ, არამედ გამოჩნდა მუქარა საზოგადოების მიმართ.
„ეს განცხადება არის არამარტო აღიარებითი ჩვენება, არამედ მუქარა მთელი საზოგადოების მიმართ, მათი ვინც სოციალურ ქსელში რაღაც არაკორექტულად დაწერა, რაც ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ცნობილი ფიგურა ხარ, გინდ პოლიტიკაში, გინდ კულტურაში, გინდ პოპ კულტურაში, ეს ამ ცხოვრების ნაწილია,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ და დასძინა, რომ როდესაც ასე იმუქრები, ეს არის ავტორიტარული სახელმწიფოს განაცხადი.
მისივე თქმით, “ამიტომ გვახსენდება კადიროვი. ბუნებრივია, იქ უფრო სასტიკი მეთოდებით ხდება ეს ყველაფერი და ეს პრინციპს არ ცვლის.
რაც შეეხება ძალიან იაფფასიან „ქუჩურ“ თუ „ქართულ გაგებას“, რომ არ ვაპატიებ, თუ მაგ არასწორ გაგებას აწვები, პოლიციელებს არ უნდა უგზავნიდე. ეს არის წმინდა წყლის ფარისევლური, უტიფარი ძალაუფლებით გახრწნილი ადამიანების ჯგუფის განაცხადი, მუქარა, საზოგადოების მიმართ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.