,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დაკავებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის მამა, სისხლძარღვთა ქირურგი კონსტანტინე ყიფიანი განცხადებას ავრცელებს და შვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ექიმი წერს, ვახტანგ ყიფიანი უსაფუძვლოდ დააკავეს და ის საკანონმდებლო ბაზაზე არსებული ხარვეზების მსხვერპლია. მისივე თქმით, ყველაზე მეტად იმის მოსმენა გაუჭირდა, რომ მისი შვილი თაღლითია.
კონსტანტინე ყიფიანის განცხადებას ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი ავრცელებს:
“ბნ კოსტანტინე ყიფიანის განცხადება
ვინაიდან უამრავი ჩემი კოლეგა, მეგობარი, პაციენტი და უცნობი ადამიანი მიკავშირდება, მეკითხება პირველ რიგში თუ როგორ ვგრძნობ თავს და მერე გამოთქვამს სურვილს თანადგომის, გადავწყვიტე გამოვეხმაურო ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი და ჩემი ოჯახის პრობლემები.
მინდა დიდი თანაგრძნობა გამოვუხატო პაციენტის მშობლებს, რა თქმა უნდა, მათი ტრაგედია ვერ შეედრება ჩემი შვილის სირთულეებს. მინდა ვთქვა, რომ პირველი დღიდან, როდესაც მოხდა ეს შემთხვევა მე ვიყავი საქმის კურსში ეტაპობრივად, მიუხედავად იმისა რომ ოპერაციული ჩარევა არ იყო დაწყებული.
45 წელია ვმუშაობ ქირურგიის ერთ-ერთი რთული მიმართულებით, რომელსაც ჰქვია სისხლძარღვთა ქირურგია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გამარჯვებული არ ვყოფილვარ. მერწმუნეთ, ყოველთვის ვაანალიზებდი იქნებ სხვანაირად გამეკეთებინა ჩარევა, იქნებ მე დავუშვი შეცდომა. ეს მარტო ჩემი არა, დამიჯერეთ, ყველა ქირურგის ხვედრია. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ ასეთი სულისკვეთებით ვზრდიდი ჩემს მოწაფეებს და რა თქმა უნდა უფრო მომთხოვნი ვიყავი ჩემი შვილისადმი.
ჩემთვის წარმოუდგენელი ტრაგედია იყო მოსმენა პროკურორის და მასმედიის მხრიდან გაკეთებული განცხადებისა, რომ თითქოს ,,ვახტანგ ყიფიანი თაღლითია” და არა ის, რომ ვახტანგი დააპატიმრეს. ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ტყუილად მიცხოვრია!
მეორე დღეს როცა სამედიცინო საზოგადოება და მე შევხდით მინისტრს, ვისაუბრეთ არა მარტო ვახტანგზე, არამედ იმ ხარვეზებზე, რაც არის დაკავშირებული ლიცენზირებასთან და დავსახეთ კონკრეტული გეგმები, როგორ გამოვასწოროთ ხარვეზები, რომ აღარ განმეორდეს შემდეგში ასეთი შეუსაბამობა. განხილვის შემდეგ ქალბატონმა ეკატერინემ დაადასტურა რომ ვახტანგი გაუგებრობის მსხვერპლია, ჩემზე ბედნიერი იმ წუთებში ალბათ არავინ არ იყო. მე ნაკლებად მადარდებდა რომ ის იყო დაკავებული, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ ვახტანგს უახლოეს ხანში გამოუშვებდნენ ციხიდან და საქმე გადავიდოდა ნორმალურ სამართლებრივ ჩარჩოში.
ამ დღეებში გამოხატული საექიმო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია არა ვახტანგის უსაფუძვლო დაკავებამ, არამედ ექიმებმა დაინახეს, რა დიდი რისკის ქვეშ შეიძლება იყოს თითოეული მათგანი, გაუგებრობამ, როგორი უსამართლობის მსხვერპლად შეიძლება აქციოს ისინი. ექიმის საქმიანობა ისედაც წარმოადგენს უდიდეს რისკს, ნებისმიერი ჩარევა შეიძლება არ დამთავრდეს დადებითი შედეგით სხვადასხვა მიზეზის გამო და თუ ექიმს აქვს შეგრძნება დაუცველობის, მერწმუნეთ პირველ რიგში დაზარალდება პაციენტი.
მე და ჩემი კოლეგები ვეცადეთ რომ თავიდან აგვეცილებინა საკითხის პოლიტიზირება, რადგან ვხვდებოდით, აქ პოლიტიკური მიმართულებისთვის მყარი ნიადაგი მოიძებნებოდა. მე მადლიერი ვარ ყველა პოლიტიკოსის, რომელიც გაგებით შეხვდა ამ საკითხს და დღეის მდგომარეობით ეს მიღწეულია.
რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს ჩემი ცხოვრებისა, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უახლოეს ხანში ვახტანგს გაათავისუფლებენ წინასწარი პატიმრობიდან და სასამართლოში გამოჩნდება სიმართლე. შემდეგ ეტაპად, ჩემი კოლეგების დახმარებით, მხედველობაში მაქვს დარგობრივი ასოციაციები, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უნდა ვიმუშავოთ საკანონმდებლო ბაზაზე, რომ სხვაც არ გახდეს მსგავსი უსამართლობის მსხვეპლი,”- წერს კონსტანტინე ყიფიანი.
https://www.facebook.com/Angiology/posts/3291789937511160
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,თბილისის ცენტრალური სააავადმყოფოს” დირექტორი გიორგი ლობჟანიძე 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გათავისუფლდა, ხოლო ექიმი ვახატანგ ყიფიანი და მაგდა ხოჭოლავი პატიმრობაში დატოვა.
მაგდა ხოჭოლავა იტალიაში იმყოფება, რის გამოც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში” პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. შეცდომით ჩატარებული 2 ოპერაციის შემდეგ, 25 წლის პაციენტი თითქმის ორი წელიწადია, კომაშია.
ოპერაციის ჩამტარებელ ექიმს გამოძიება თაღლითობასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებას ედავება. საავადმყოფოს დირექტორს კი, ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.