ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მამუკა ხაზარაძეს სიცრუეში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ ანაკლიის პროექტის ინიციატორი ხელისუფლებაა.
„საქართველოში, კერძოდ – ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო და რჩება ხელისუფლება! პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მნიშვნელოვანი ვალდებულებები და იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული“, – აცხადებს ბახტაძე.
ის ამბობს, რომ სახელმწიფოს თავისი ვალდებულებები პირნათლად და გადაჭარბებით აქვს შესრულებული. მათ შორის ბახტაძე პორტის ტერიტორიამდე რკინიგზის მიყვანას, გარკვეული მიწების გამოსყიდვას და პორტისთვის გადაცემას გულისხმობს.
“უფრო მეტიც, მე ვიყავი მთავარი ლობისტი, რომ კონსორციუმს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხების მოზიდვის შესაძლებლობა ჰქონოდა; ამასთანავე კი ყველა საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისთვის. ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში შეიტანა“, – განაცხადა ბახტაძემ.
"აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, მივმართავთ საარბირტაჟო სასამართლოს" - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის წინააღმდეგ
"შეიძლებოდა პროექტის წარმატებით განხორციელება." - ლევან ახვლედიანი.
მამუკა ბახტაძის თქმით მამუკა ხაზარაძე მოსახლეობის ტყუილში შეყვანას ცდილობს.
„ამ უსაფუძვლო ბრალდებამ კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი გამახსენა, როდესაც დამაბრალა, რომ მას შემდეგ, რაც მასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თითქოს ბიზნესასოციაციამ ჩემთან შეხვედრა ითხოვა და მე მათ არ შევხვდი. ესეც მორიგი ტყუილი იყო, რადგან შეხვედრა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელობასთან იმ საღამოსვე გაიმართა, რაც ასოციაციის წარმომადგენლებმა თავად დაადასტურეს. გუშინდელი ბრალდებაც ასეთივე იაფფასიანი ტყუილია.
ასეთი ბრალდებების შემდეგ არც იმას გამოვრიცხავ, ბატონმა ხაზარაძემ თქვას, რომ ვაიძულე, დაეთმო ის საკრედიტო პორტფელი, რომელიც საქართველოში ე.წ „შავი სიის“ პრობლემის მოსაგვარებლად „ქართუ ფონდმა“ საქართველოს მთავრობის თხოვნით გამოისყიდა, რამაც საშუალება მისცა ასი ათასობით მოქალაქეს, აქტიურ ეკონომიკაში დაბრუნებულიყო და ახალ წელს ვალების გარეშე შეხვედროდა. როგორც არაერთხელ განვაცხადე, ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება თავიდან რომ მიწევდეს, ანალოგიურად მოვიქცეოდი.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ პროექტის ირგვლივ ქართული საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკურ ინტრიგებს ხედავს და ისმენს, საქმე კი წინ ვერ წავიდა და დაიკარგა ძვირფასი დრო. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების რეალიზაციისათვის, ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ანაკლია აუცილებლად აშენდება. პროექტი უნდა განახორციელოს შესაბამისი გამოცდილებისა და რესურსების მქონე კომპანიამ ან კომპანიათა ერთობლიობამ“, – განაცხადა ბახტაძემ.