„ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. ჩვენ ბატონი გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ. ამ მხრივ, გვინდა, ხაზი გავუსვათ რუსეთის, როგორც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე კონტროლის მქონე ქვეყნის, პასუხისმგებლობას, როგორც ეს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაშია აღნიშნული,“- ამ განცხადებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის, წინააღმდეგ გამოტანილი უკანონო განაჩენს გამოეხმაურნენ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) აღნიშნული ფაქტის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ საპარლამენტო ასამბლეის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).