LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის გასაღები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“ – ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო დიალოგი დაიწყო

132
fot (1)

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ენტონი ბლინკენი ავრცელებს საკუთარ ტვიტერის გვერდზე და წერს, რომ  სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად დიალოგი უმნიშვნელოვანესია.

სომხეთის და აზერბაიჯანის ოფიციალური დელეგაციების სამშვიდობო დიალოგი რამდენიმე დღეს გასტანს.

„ჩვენს ახალ შენობაში ჯორჯ პ. შულცის საგარეო საქმეთა ეროვნულ სასწავლო ცენტრში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვმასპინძლობთ.

დიალოგი არის გასაღები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, – დაწერა ბლინკენმა „ტვიტერზე“.

 

 

რადიო თავისუფლების სომხური სამსახური სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარების პროცესი და აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის დაბლოკვით შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღის წესრიგში იყო უსაფრთხოების და სომხეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხები.

შეგახსენებთ,  23 აპრილს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ შეტაკებები მოხდა, რასაც ერთი სომეხი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

23 აპრილს, აზერბაიჯანმა ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა ლაჩინის გზის დასაწყისში. ბაქომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სომხეთი ამ გზას იყენებს ყარაბაღში სამხედრო ტვირთების გასაგზავნად. ამას უარყოფს ერევანი, რომელმაც აზერბაიჯანი დაადანაშაულა რუსეთის შუამავლობით 2020 წელს მიღწეული შეთანხმების დარღვევაში.

აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის  გზაზე საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნის გამო, სომხეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები