LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ადამიანი არაკომერციულ საწყისებზე აშენებს პარკინგს – გიორგი კვირიკაშვილი

72

“ამბობენ, პუშკინის სკვერის მიტაცება უნდა ბიძინა ივანიშვილსო. საუბარია იმაზე რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს პარკინგი,” – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერმინისტრი გუშინ მერიის წინ გამართულ აქციას მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას გამოეხმაურა.

“როცა დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც თბილისში ათ პარკინგს ააშენებენ იმიტომ, რომ არ არის პარკინგები თბილისში და სამწუხაროდ, დღეს რადგან პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი იმიტომ, რომ პარკინგის ღირებულება არ არის ისეთი, როგორიც შეიძლება, იყოს მსოფლიოს წამყვან ქალაქებში. პარკინგი ძალიან გვჭირდება, ეს ადამიანი პრაქტიკულად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება სასტუმროს, რომელიც იქ შენდება,” – განაცხადა პრემიერმა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” აქცია მერიის შენობასთან გუშინ გამართა. ისინი პუშკინის სკვერის მიმდებარედ და თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით საკრებულოს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. პრემიერმინისტრმა მათ ქმედებებს “პოლიტკური უსინდისობა” უწოდა.

აქციაზე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. ნიკა მელიას ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი მძიმედ ნაცემია, მათ შორის ლევან ხაბეიშვილიც. მერიამ ამ ბრალდებას სიცრუე უწოდა და ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც მერიის შენობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილია გადაღებული.