ეტლით მოსარგებლე მოქალაქე წერს, რომ დაშბაშის კანიონის შუშის ხიდზე არ შეუშვეს.
როგორც ოთო დარბაისელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, მას უთხრეს, რომ შესაძლოა, მინამ ეტლს ვერ გაუძლოს.
„ესეც ჩვენი დაშბაშის კანიონი. უკან ფონს რომ მილამაზებს, არის 120-მილიონიანი შუშის ხიდი, რომელიც ისეთი ფაქიზი და მსხვრევადი ყოფილა თურმე, რომ შეიძლება მე და ჩემს ეტლს ვერ გაგვიძლოს. არა კი მოვიმატე წონაში, მარა ასე ძაანაც არა მგონი, რომ ხიდებმა ვერ გამიძლოს
თურმე რეზინის ბორბლები აზიანებს, მინას არ შემიშვეს. წესით როცა საერთაშორისო პროექტით კეთდება, ყველა ვიზიტორზე უნდა იყოს გათვლილი.
ეს ფოტო არის გადაღებული #KassLand-ის ბარიდან, სადაც, რომ შევედი გამიხარდა, ელექტრო ლიფტი დამხვდა, მაგრამ სამწუხაროდ მალევე გამიცრუვდა იმედები. არ მუშაობდა. მიმტანს რომ ვკითხე, რატომ არ მუშაობს-თქო, დამონტაჟების დროს გაფუჭდაო. მერე მენეჯერმა მაგით მომიმადლიერა, რომ 5 ბიჭის კუნთების იმედად ჩამიყვანეს და ამომიყვანეს. თან ბედნიერმა – ჩვენ ყველას ასე ვემსახურებითო. ვერ მივხვდი, ყველა ასე ხელში აყვანილი დაჰყავდათ, თუ რას ნიშნავდა, ეგ ვერ მიხვდი.
სამწუხაროდ, შშმ პირების საჭიროებები არის გათვალისწინებული, მაგრამ გამოსადეგი არა შშმ პირისთვის. ამხელა თანხები და წვალება წყალში იყრება,“ — წერს ოთო დარბაისელი სოციალურ ქსელში.