LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთობლივად დავიწყეთ სიმღერების წერა, ქალბატონ ნანა ცინცაძესთან ვაგზავნი მელოდიებს და ის მიწერს ტექსტებს… ყველა ჩემი სიმღერის არანჟირება ერეკლე დიდიას ეკუთვნის“ – ნანა იამანიძე

274
„ერთობლივად დავიწყეთ სიმღერების წერა, ქალბატონ ნანა ცინცაძესთან ვაგზავნი მელოდიებს და ის მიწერს ტექსტებს... ყველა ჩემი სიმღერის არანჟირება ერეკლე დიდიას ეკუთვნის“ - ნანა იამანიძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ნანა იამანიძე, ნანა ცინცაძე და გიგა ჯალაღონია სტუმრობდნენ. გადაცემაში მათი ერთობლივი ნამუშევრის „სიყვარულის მზე“ პრემიერა შედგა.

როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?

ნანა იამანიძე: მე და ნანას ძალიან დიდი ურთიერთობა გვაკავშირებს. ზოგადად, როცა სიმღერების წერა დავიწყე, თავდაპირველად, ჩემს მეგობართან, ნუკრი კარკაძესთან ვთანამშრომლობდი. მელოდიებს ვაგზავნიდი და ნუკრი ლექსებს ქმნიდა. შემდგომ, ქალბატონ ნანასთან განვაგრძე ურთიერთობა და ერთობლივად დავიწყეთ სიმღერების წერა. ქალბატონ ნანა ცინცაძესთან ვაგზავნი მელოდიებს და ის მიწერს ტექსტებს. რა თქმა უნდა, ყველა ეს სიმღერა ჩემთვის საყვარელმა ადამიანებმა შეასრულეს. ყველა ჩემი სიმღერის არანჟირება ჩემს ძალიან საყვარელ მეგობარს, უნიჭიერეს ერეკლე დიდიას ეკუთვნის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდითაა. განსაკუთრებული მადლობა ჩემთვის უძვირფასეს ლაშა ღლონტს, რომელმაც ისე შეასრულა ჩემი სიმღერა, რომ დღეს მთელი საქართველო მღერის.

საერთო ჯამში დაახლოებით რამდენი სიმღერაა თქვენს შემოქმედებაში?

ნანა იამანიძე: დაახლოებით 45. მათ შორის არის საბავშვო სიმღერებიც.

ჩემი პირველი ალბომი, „ალუბლების თოვა“ როცა გამოიცა, სიმღერებს ბავშვები ასრულებდნენ. ქალბატონმა მარიკა კვალიაშვილმა როცა მოისმინა, მითხრა, ეს შენი სიმღერები ბავშვებმა არ უნდა იმღერონ, დიდმა მომღერლებმა უნდა იმღერონო. სწორედ ქალბატონ მარიკას ეს შეფასება იყო ის მნიშვნელოვანი რაღაც, რამაც მაფიქრებინა ის, რომ ცნობილ მომღერლებს შეესრულებინათ ჩემი სიმღერები. ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო დიდი საღამო გამეკეთებინა და ქალბატონმა მარიკამ აქაც ძალიან დიდი როლი ითამაშა, მითხრა, შენ აუცილებლად უნდა გააკეთო დიდი საღამო და აუცილებლად თეატრშიო. საღამო ქუთაისში შედგა.

რამდენი სიმღერა შესრულდა აღნიშნულ შემოქმედებით საღამოზე?

ნანა იამანიძე: საღამოზე20 სიმღერა შესრულდა. მონაწილეობა მიიღეს – დათო არჩვაძემ, სოფო ბედიამ, გიგა ჯალაღონიამ, გელა დონაძემ, ანუკი ცქვიტინიძემ, ბექა ბანძელაძემ, ნინო ბირკაიამ, ელეონორა გოგოლაშვილმა, ქუთაისურმა ახალგაზრდა ბიჭების ტრიომ, გიორგი ჭიალაშვილმა, სანდრო კობახიძემ, ლაშა ღლონტმა. საღამოს მაია დათუნაშვილი უძღვებოდა.

გიგა, თქვენ და ქალბატონმა ნანამ როგორ აღმოაჩინეთ ერთმანეთი?

გიგა ჯალაღონია: ჩვენი ურთიერთობა პანდემიის დროს დაიწყო. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ქალბატონ ნანა იამანიძეს და ბატონ ნუკრი კარკაძეს სოციალურ ქსელში ჰქონდათ კონკურსი „სიმღერით სახლში“. მეც ვნახე ეს საინტერესო იდეა, ვიმღერე და „ფეისბუქზე“ ავტვირთე.

ნანა იამანიძე: ძალიან ბევრი ვარიანტი იყო ატვირთული, რომ მოვუსმინე, არცერთი არ მომეწონა… ძალიან ცუდად გავხდი. ბოლოს, გიგას ნამღერთან რომ მივედი, ნუკრის ვუთხარი, გიგამ უნდა გაიმარჯვოს ამ კონკურსში-მეთქი. რომ ამოვიჩემე გიგა, იმის მერე ამოჩემებული მყავს.

გიგა ჯალაღონია: სიმღერას, რომლის პრემიერაც დღეს შედგება „სიყვარულის მზე“ ჰქვია. ქალბატონ ნანას მინდა ვუთხრა, რომ ქუთაისისთვის მართლაც სიყვარულის მზე არის ეს ადამიანი.

ქალბატონო ნანა, თქვენს შემოქმედებაში თუ არის სიახლეები?

ნანა ცინცაძე: სიახლე ყოველთვის არის. მარტო ბოლო 2 დღეში, 7 სიმღერისთვის მაქვს დაწერილი ტექსტი. ასევე მზად მაქვს რომანი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიცეს წელს და ზუსტად გუშინ შევხვდი რედაქტორს, გიორგი კეკელიძეს. ასევე, მზად მაქვს 100 ლექსი. მივფრინავ იტალიაში მიწვევით. მოკლედ, უამრავი რამ ხდება.

გიგა ჯალაღონია – სიყვარულის მზე

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ნანა იამანიძე, ნანა ცინცაძე & გიგა ჯალაღონია. ვიდეოკოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები