ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც ალან გაგლოევმა გაიმარჯვა, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ერთი კრიმინალი მეორემ ჩაანაცვლა“.
მისივე განმარტებით, სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
დავითაიას თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პრეზიდენტი, ეს არის კრიმინალური დაჯგუფების მეთაურის შეცვლა, რომელიც დააჯდება ე.წ სპეციალურ „ტრანშებს“, რომლებსაც იღებენ რუსეთის ფედერაციიდან.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტი” ალან გაგლოევი გახდა
„ამ არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. რა არჩევნებზეა საუბარი?ერთმა კანდიდატმა მიიღო 5000 ხმა, მეორემ 3000. 8 ათასი კაცის არჩევნებია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რესპუბლიკაზეც არ არის საუბარი. ერთმა კრიმინალმა ჩაანაცვლა მეორე კრიმინალი. ეს არის რეალობა რაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოხდა.
ყველაზე საინტერესოა ის, თუ როგორ გაიმარჯვა გაგლოევმა. ჩვენმა ხელისუფლებამ ამას უნდა მიადევნოს თვალყური. გაგლოევმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ მან შესთავაზა ახალგორის მოსახლეობას, ახალი გზის გაყვანა, რათა დააკავშიროს ცხინვალის რეგიონს. ეს გზა საქართველოსთვის ძალიან სახიფათო ხდება. მაგრამ ის მოსახლეობა, რომელიც იქ ცხოვრობს ქართველები არიან და მათ ხარჯზე გაიმარჯვა გაგლოევმა. იგივე სიტუაციაა აფხაზეთში, როდესაც ძალით აიძულებენ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა გალის მოსახლეობამ და ისინი ამის ფონზე იმარჯვებენ. იგივე ხდება ცხინვალის რეგიონში დღეს, სადაც ახალგორის მოსახლეობამ გადაწყვიტა ბედი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ყურადღებით უნდა დავიწყოთ ამ მიმართულებით მუშაობა, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო სტრატეგია. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზე ეწერა, რომ თითქოსდა გაგლოევი, რომელიც უნდა გახდეს პრეზიდენტი, ის უზრუნველყოფს ცხინვალის რეგიონის ქართულ მხარეზე მიერთებას. ოფიციალურად ედოთ ვებგვერდზე და შემდეგ წაშალეს. პირველ საათებში ბიბილოვი ცდილობდა ხაზგასმას იმისა, რომ ქართველების ხარჯზე ხდება გაგლოევი პრეზიდენტი, რაც რუსეთს შეუქმნის უსაფრთხოებას.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პრეზიდენტი, ეს არის კრიმინალური დაჯგუფების მეთაურის შეცვლა, რომელიც დააჯდება ე.წ სპეციალურ ტრანშებს, რომლებსაც იღებენ რუსეთის ფედერაციიდან, ბოლო ხანს ესეც კი გაუნახევრეს და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს სთხოვენ იომონ უკრაინაში და ხედავთ, რომ ან მკვდრების ჩამოსვენება ხდება ცხინვალში, ან უკრაინიდან გარბიან. საუბრები, რომ ვიღაც ჩვენს მხარეს იქნება, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, თუ ჩვენ არ ვიმუშავეთ. სამწუხაროდ მე ამ სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ვერ ვხედავ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა, რაც აუცილებელია მაგრამ საკმარისი არასოდეს იქნება. დღეს ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ ხდება ხელისუფლების მიტაცება საქართველოს ტერიტორიულ ერთეულში კერძოდ ცხინვალში და ის ე.წ. ხელისუფლება, რომელიც იქ არის არღვევენ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობას. ეს ე.წ ლიდერები უნდა იყვნენ სანქციის ქვეშ და მათზე უნდა იყოს გაცემული ძებნა, რომ ხვალ როდესაც ე.წ რეფერენდუმის ჩატარებას განიხილავენ, ჩვენი ქვეყნის ანექსიისათვის, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პუტინი ვისაც დოკუმენტის ხელმოსაწერად დაუჯდება იქნება საერთაშორისო ძებნილი. ძებნილთან ერთად ჯდომა კი ძალიან პრობლემატურია“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.