ქაოსური რეჟისორის, ქაოსური ნამუშევარი – კვენტინ ტარანტინოს ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, თუმცა მის გარშემო უამრავი საინტერესო და სკანდალური მოვლენა გაერთიანდა. ვერდიქტი ასეთია: გახმაურებული ფილმი ახალი კადრებით ბრუნდება, თუმცა მოვლენებს თანმიმდევრულად მივყვეთ.
ჩინეთის მთავრობამ ფილმის ჩვენება გაურკვეველი ვადით გადადო. 25 ოქტომბერს დაგეგმილი პრემიერის გადადების მიზეზი მსახიობ ბრიუს ლის ქალიშვილი გახდა. მან საჩივარი შეიტანა, მისი თქმით, ცხოვრებაში ბრიუს ლი საერთოდ არ იყო ისეთი, როგორიც ის ტარანტინომ ფილმში წარმოაჩინა. მიზეზი ბრიუს ლის ცემის კადრებია, ჩინეთში ფილმს მხოლოდ იმ შემთხვევაში ნახავენ, თუ ტარანტინო მასში ცვლილებებს შეიტანს.
თუმცა რა თქმა უნდა, ტარანტინომ თავისი ფილმის გარდაქმნაზე უარი განაცხადა, ის სცენების ამოჭრას არ აპირებს და მისთვის სულერთია, ნახავენ თუ არა ფილმს ბრიუს ლის თანამემამულეები.
კვენტინი კადრებს არასდროს ჭრის, ის მათ ამატებს, სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 25 ოქტომბრიდან ფილმის ახალ ვერსიას 1000 კინოთეატრში აჩვენებენ. ფილმის ქრონომეტრაჟი, რომელიც 2 საათს და 41 წუთს შეადგენს, კიდევ 10 წუთით გაიზრდება.
თუ რა სცენები დაემატება ფილმს, ძალიან მალე ვიხილავთ.