უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ტურისტების მიღებით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა არ უნდა გაიზარდოს, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
ტურისტი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლას 1 ივლისიდან გადაწყვეტს, უნდა ჰქონდეს კოვიდ პასპორტი. ანუ ჯანმრთელობის ცნობა და უნდა წარმოადგინოს, რომ 72 საათის განმავლობაში PCR ტესტი აქვს ჩატარებული და კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საქართველოს მთავრობამ ახალი რეგულაციები გიდებისთვის, სასტუმროებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, სარესტორნო ბიზნესისა და სატრანსპორტო კომპანიებისთვის და სხვა სექტორებისთვის უკვე შეიმუშავა. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რეგულაციები კერძო სექტორის მონაწილეობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა.
რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს.
ტურისტული კომპანიის, ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორის, გიდებისა და მძღოლების რეკომენდაციებს შორის არის, რომ ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსკრინინგი, მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად; ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად; სატრანსპორტო საშუალება კი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით.
ამასთან, რეკომენდაციებს შორისაა:
ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში (2-საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით;
მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;
ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება;
ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღებით დამუშავდეს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლავური (ხელის დასასვენებელი ადგილი);
რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;
ტურის მსვლელობისას მძღოლს თან ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის;
ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორი და თვითდასაქმებული გიდი ვალდებულია, დაიცვას წინამდებარე რეკომენდაციებით განსაზღვრული მოთხოვნები.
დოკუმენტი გიდის ვალდებულებებსაც მოიცავს:
გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი;
ტურის მსვლელობისას გიდმა სტუმრებთან უნდა დაიცვას დისტანცია;
ტურის მსვლელობისას გიდს თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი, ტემპერატურის მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ტურის დაწყების წინ;
დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულოა;
თუ ჯგუფის წევრს აღმოაჩნდა ვირუს Covid 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, ყელის სიმშრალე, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და ა.შ. გიდი ვალდებულია, იმოქმედოს შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.
ამასთან, თუკი გიდი/ტურის ორგანიზატორი იყენებს აუდიო აპარატურას, გამოყენებული უნდა იყოს ერთჯერადი ყურსასმენები.
აღსანიშნავია, რომ ამ რეგულაციებს ემატება კიდევ ერთი – ტურისტები თუ გამოიყენებენ რუკას, სადაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არ იქნება, დაისჯებიან. ტურისტებს კანონი ავალდებულებს, პატივი სცენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. სასჯელი განისაზღვრება ჯარიმით, ან 2-წლიანი პატიმრობით.
კანონი 2 ივლისს ამოქმედდება.