ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეგისტრაცია 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
“ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
რეგისტრაციის გავლამდე გამოცდებში მონაწილეობის მსურველები ყურადღებით უნდა გაეცნონ შემდეგ ინფორმაციას:
- აბიტურიენტები – „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“;
- მასწავლებლის ტესტირებაში მონაწილეები – დამხმარე კრებულები;
- მაგისტრანტობის მსურველები – 2020 წლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები;
- სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები – 2020 წლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები; ცნობარი და ტესტურ დავალებათა ნიმუშები”.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.