“მსგავსი ინფორმაცია აქვთ, სავარაუდოდ, ბევრ ადამიანზე და საჭირო დროს ვრცელდება, არაერთი მსგავსი ფაქტი გვახსოვს წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს.” – “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დირექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებს აფასებს.
ნანუაშვილი იმ ფაქტებზე საუბრობს, რომლებიც გავრცელებული კადრებით ხდება ცნობილი.
ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ემოციები და შევხედოთ, შსს-ს კადრებით რა გახდა ცნობილი:
– სახელმწიფო უთვალთვალებს მოქალაქეებს;
– თუ სურვილი აქვთ, ერთ დღეში შეუძლიათ ყველა მასალა შეაგროვონ ვინმეს დისკრედიტაციისთვის;
– თუ სურვილი აქვთ გამოიძიებენ საქმეს და ასობით მოძალადეს დააკავებენ 53 ჟურნალისტის ცემისთვის; უბრალოდ არაა ამის სურვილი;
-თუ სურვილი აქვთ ბაჩალიაშვილის ლოკაციასაც დაადგენდნენ და არ ‘ეძებდნენ’ 3 დღე, აფგან მუხთარლი რამდენიმე კამერაზე მაინც დაფიქსირდებოდა ასობით კილომეტრის გავლისას;
– იციან სად იყიდება ნარკოტიკები;
– ნარკომოვაჭრეებს არ აკავებენ, მათ სახლთან კამერებს აყენებენ;
– ანუ სახელმწიფო მფარველობს ნარკოდილერებს და მოჩვენებით სპეცოპერაციებს ატარებს გარკვეულ უბნებში რამის გადასაფარად პერიოდულად;
-ნარკოტიკების გასაღებაზე გამოძიება არ იწყება, მხოლოდ ფილმები მზადდება, ისიც უხარისხო;
– კერძო პირების თუ ე.წ. სააგენტოების მეშვეობით ავრცელებს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც მხოლოდ სახელწიფოსთვისაა ცნობილი და მისი გამჟღავნება კანონის დარღვევაა და დასჯადია, და ეს გავრცელება არა დანაშაულის გამოძიებას, არამედ პირის დისკრედიტაციას ემსახურება;
-მსგავსი ინფორმაცია აქვთ სავარაუდოდ ბევრ ადამიანზე და საჭირო დროს ვრცელდება, არაერთი მსგავსი ფაქტი გვახსოვს წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს;
– ამ ყველაფერში იხარჯება გადასახადის გადამხდელის რესურსი, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოს კრიმინალს, დაიცვას მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შავ პიარში მიდის უზარმაზარი რესურსი;
-ამ ყველაფრის გაკეთება მაღალი თანამდებობის პირების გარეშე შეუძლებელია და ეს არაა რომელიმე პოლიციელის თვითშემოქმედება;
– ეს სისტემა წლებია არსებობს, და იგივე ხდება ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საბჭოთა მილიცია და კგბ-ს სკოლა ისევ მუშაობს; იგივე ხალხი ემსახურებოდა სისტემას და განაგრძობს ასე მუშაობას.
რატომ არ ხდება ლუსტრაციის პროცესის დაწყება და საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა წარსულის გადაფასება, და ვერ გამოვდივართ ჩაკეტილი წრიდან, ალბათ ესეც ნათელია მგონი”. – წერს ნანუაშვილი.