ერთი წელი ვიზალიბერალიზაციიდან. საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში ლიბერალური სავიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის შენგენის ზონას უვიზოდ 258 663-ჯერ სტუმრობდა საქართველოს 192 453 მოქალაქე. ერთი წლის განმავლობაში, საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვა 1001 მოქალაქეს .
ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები საქართველომ და ევროკავშირმა 2012 წლის ივნისში დაიწყეს. 2013 წლის თებერვალში ევროკავშირმა საქართველოს გადასცა სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავდა სავიზო ლიბერალიზაციისთვის აუცილებლად შესასრულებელ პირობებს. 2017 წლის პირველ მარტს ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა ბრიუსელში მოაწერეს ხელი დოკუმენტს შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 28 მარტიდან.
ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო, მათ შორის გერმანია და შვედეთი შეშფოთებას გამოთქვამენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის გაზრდის გამო. თუმცა, ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დგას.