LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი-ორჯერ დამესიზმრა… ეს ჩვენი ბოლო ბანაობა იყო” – დავით არახამიას ემოციები გაგრაში გატარებულ ბავშვობაზე და ცხოვრება მცირე ხნით თბილისში

181
არახამიაგაგრათბილისის

დასამახსოვრებელი ფრაგმენტები გაგრაში გატარებული ბავშვობიდან და ცხოვრება მცირე ხნით თბილისში – უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის” ლიდერმა დავით არახამიამ საქართველოსთან დაკავშირებული ემოციები ექსკლუზიურად Post Factum-თან გაიხსენა.

“ერთი-ორჯერ დამესიზმრა სახლს თუ მივაგნებდი, სადმე გაგრაში რომ ჩამაგდონ მივაგნებ სახლს? ვფიქრობ ხოლმე. და აი, მახსოვს ლენინის ქუჩა, მიდიხარ-მიდიხარ და მარჯვენა მხარეს დგას შოთა რუსთაველის კინოთეატრი, ცოტას რომ გააგრძელებ მოსახვევია, ზღვის ქუჩა, იმ ქუჩაზე ვცხოვრობდით, ზღვისკენ უნდა გაუყვე და მარცხნივ შეუხვიო”- ამბობს დავით არახამია და სახლის ტელეფონის ნომერიც ზეპირად ახსოვს, მაგრამ მიტოვებულ სახლში დარეკვა “აზრადაც არ მოსვლია”.

არახამია იხსენებს იმ მომენტებს, რაც აფხაზეთში ცხოვრებიდან ფრაგმენტებად და ნათლად ახსოვს. ასევე, მკაფიოა მისი მოგონებები თბილისში გადმოსვლისას.

“პრინც ოლდენბურგის ყოფილ სასახლეში იყო ჩემი სკოლა, მთაზე, არანორმალურად ლამაზი, გაგრელები თუ გვიყურებენ ემახსოვრებათ, სკოლა მუზეუმი იყო, სახურავზე ტელესკოპი იდგა, ეს მოგონება ძალიან ცხადად დამრჩა. ბებია და ბაბუა კარგად მახსოვს, იმიტომ, რომ ყოველ დაბადების დღეზე 100 მანეთს მიგზავნიდნენ, ეს ბევრი ფული იყო, ფეხბურთის 4 ბურთზე მყოფნიდა, ზუსტად მახსოვს 25 მანეთი ღირდა ფიფას კარგი ბურთი და ძალიან ბედნიერი ვიყავი ბებია და ბაბუა რომ მყავდა” – იხსენებს არახამია და ომის დროს განცდილ მძაფრ შეგრძნებებსაც გადმოგვცემს.

“ომი პირველად მაშინ ვიგრძენი როცა თქვეს – გაგრის დაბომბვას აპირებენო, მომცეს სანადირო თოფი, მითხრეს ბავშვები და ქალები ამ შენობიდან გაიყვანე და იმ შენობის სარდაფში ჩაიყვანეო, მახსოვს მივდივარ ამ თოფით, აზრზე არ ვარ რა უნდა ვუყო, მაგრამ მაინც მივდივარ, მესმის რომ კაცი ვარ და ამ ხალხზე პასუხს ვაგებ. ეს იყო პირველი ლაქა, რაც ომიდან დამრჩა. მერე იყო მეორეც: საბანაოდ წავედით ბიჭები, უკვე ღრმად შევცურეთ ზღვაში, ამ დროს სამხედრო ვერტმფრენმა გადაგვიფრინა და ზუსტად ჩვენს წინ, წყალზე ტყვიამფრქვევი გადაატარა. ისე შეგვეშინდა გამოვიქეცით, ეს ჩვენი ბოლო ბანაობა იყო.

მეზობლები მანქანაში სხდებოდნენ, სოჭში გარბოდნენ, დედაჩემმა ამ მანქანაში ჩამსვა – თავს გაუფრთხილდი და ჩვენც მალე ჩამოვალთო. რაც ზედ მეცვა იმით წამიყვანეს, მივდიოდი ამ მანქანით და ვტიროდი, ერთ ადგილზე ბეტეერმა გადმოუხვია და სროლა აუტეხა ჩვენთან ერთად მომავალ მანქანებს. სასწაულით გადავრჩით, წარმოიდგინეთ ჩემი სტრესი, 11 წლის ბავშვი მშობლების გარეშე.

ჩემმა მშობლებმა გადანახული ფული საჭირო ხალხს გადაუხადეს და ღამე მდინარის კალაპოტით გამოიპარნენ. ყოველ დღე ველოდით, რომ ქართული ჯარი დაბრუნდებოდა და ჩვენს სახლში წავიდოდით. ამასობაში მამაჩემისთვის სოჭში გაჩერებაც საშიში გახდა.

თბილისში გავემგზავრეთ, დავსახლდით სასტუმრო ივერიაში, უამრავი ხალხი პატარა ოთახში, შემიყვანეს სკოლაში წერეთელზე, სადაც ერთი სემესტრი ვისწავლე. ქართული სკოლა იყო და ძალიან მიჭირდა”,

– იხსენებს არახამია და ამატებს, რომ ამის შემდეგ იყო რუსეთში გადასახლება, იქიდან კი უკრაინაში დაფუძნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები