LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი დღეც არ მქონია ადამიანური…დამიზიანდა თირკმელები, მიჭირს საუბარი” – უკრაინაში მებრძოლი ქართველის მიმართვა

107
ვახო სანაია (3)

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო თორნიკე გოგუაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

მისივე თქმით, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სამშობლოს მოახმარს.

“შვიდი თვის წინ ჩამოვედი უკრაინაში და მას მერე ერთი დღეც არ მქონია მშვიდი და ადამიანური.

შვიდი თვეა, ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია რუსებთან ფიზიკურად ბრძოლასთან და ამ ბრძოლაში ძალიან ბევრი დავკარგე უკვე.

დავკარგე ქართველი თუ უცხოელი მეგობრები, დავკარგე ჯანმრთელობა, დავკარგე სიმშვიდე,

დამიქვეითდა მახსოვრობა, ტყე-ღრეში და სიცივეში ძილისა თუ ცხოვრებისგან დამიზიანდა თირკმელები, ანგინა კი ქრონიკულში გადამივიდა. არასწორი კვების რეჟიმისა და არეული საკვების რაციონის გამო დამიზიანდა კუჭი და ისედაც სუსტი კბილები. მიჭირს ისე სხარტად და დალაგებულად საუბარი, როგორც ომამდე შემეძლო და, ვფიქრობ, რომ როცა საკუთარი თავისთვის მოვიცლი, ბევრი რამ გამომჟღავნდება კიდევ.

მაგრამ ადამიანობას და საქართველოს გეფიცებით, როცა მოვდიოდი, ყველაფრისთვის მზად ვიყავი და ახლაც ასეა !

ყოველ მისიაზე მზად ვიყავი, დამეკარგა კიდურები, თვალის სინათლე, მეტყველება, სმენა და თვით სიცოცხლეც, რომელიც ყველაზე ძვირფასია თითოეული ადამიანისთვის.

თავისუფალ დროს თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი, როგორია, იყო უსინათლო,

ან ვცდილობდი, დღე ისე გამეტარებინა, რომ მხოლოდ ერთი ხელი გამომეყენებინა.

ყურებს თითით დავიცავდი ხოლმე, რომ გამეგო, რა შეგრძნებაა, როცა არაფერი გესმის.

როცა ჩამოვედი, უკრაინას ძალიან უჭირდა.

რუსეთი, რომელიც საქართველოს ორ საუკუნეზე მეტია ტანჯავს და ანადგურებს, უკრაინასაც იმავეს უპირებდა.

საქართველოს სიყვარულმა და უკრაინელი ხალხის სიბრალულმა ჩამომიყვანა აქ და ეს გრძნობა ასაზრდოებდა ჩემს თითოეულ დღეს, ყველა ნაბიჯს.

ახლა მდგომარეობა სხვაგვარია:

უკრაინას აღარ უჭირს,

პირიქით,

უკრაინა ომს იგებს !

ახლა საქართველოს უჭირს ძალიან და მე უკვე აღარ შემიძლია ორ ფრონტზე ბრძოლა.

ფიზიკურად აქ ვარ, გონებით კი – თქვენთან.

ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დავბრუნდე და ჩემი ფსიქოსომატური გამოცდილება, ცოდნა და უნარები საქართველოსა და ქართველი ხალხის ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას მოვახმარო.

მე სხვა გზა, სხვა მიზანი ცხოვრებაში აღარ მაქვს.

ჩემი ოცნება თუ მომავლის მიზნები მხოლოდ საქართველოსა და ქართველ ხალხს უკავშირდება და ამ ბრძოლაში სიცოცხლესაც დავთმობ.

გიხუტებთ და გეფერებით თითოეულ თქვენგანს !

სულ მალე შევხვდებით”, – წერს თორნიკე გოგუაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში უკრაინაში საბრძოლველად 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

ამავე თემაზე:

ბრიტანული დაზვერვა: პუტინის მიერ პრობლემების უჩვეულოდ სწრაფი აღიარება ხაზს უსვამს მობილიზაციის არაეფექტიანობას

პუტინი: თუ შეცდომა დაშვებულია, ის უნდა გამოსწორდეს – სახლში დაბრუნდნენ ისინი, ვინც გამოიძახეს სათანადო მიზეზის გარეშე

ვლადიმერ პუტინი: ჩვენი ოპონენტები მზად არიან დარტყმა მიაყენონ ნებისმიერ ქვეყანას, გადააქციონ ის კრიზისის ეპიცენტრად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები