“საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. ერთად შეგიძლიათ საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ. დღესასწაულები დაფიქრებისა და დასვენების დროა.”- საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას ახალი წელი მიულოცა.
ვიდეომიმართვის დროს მან ასევე შეასრულა ცნობილი საახალწლო კომპოზიცია “ფიფქებო” მეუღლესთან, მეტე ჰარცელთან და მომღერალ ზაზა ხუციშვილთან ერთად.
ჰარცელი მიმართვაში პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახალმა მსოფლიო გამოწვევამ და სოლიდარობამ საზოგადოება ერთმანეთთან განსაკუთრებულად დააახლოვა:
“2020 წელი ძალიან განსხვავებული წელი იყო. ჩვენ ახალი სიტყვა ვისწავლეთ – COVID-19. ეს წელი რთული აღმოჩნდა ბევრი ადამიანისათვის. ეს ასევე იყო წელი, რომელმაც თანამშრომლობითა და სოლიდარობით ერთმანეთთან დაგვაახლოვა. მე და ბევრ ჩემს ევროკავშირის თანამოქალაქეს ყოველთვის გვემახსოვრება საქართველოში საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის დროშის ფერებით განათებული შენობები პანდემიის პირველი ტალღის დროს, ამ ქვეყნებთან სოლიდარობის ნიშნად. მე ასევე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ევროკავშირი მთელი კრიზისის განმავლობაში საქართველოს გვერდით იყო და მას უპრეცედენტო დახმარებას უწევდა. ვამაყობ ჩემი თანამშრომლებით, რომლებმაც დაუღალავი შრომით შესაძლებელი გახადეს ამ დახმარების გაწევა.
მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, რომლებმაც ჩვენთან ერთად, „ევროპის გუნდის” სახელით დააფინანსეს საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა, საავადმყოფოებს გადასცეს საჭირო აღჭურვილობა, დაეხმარნენ დაუცველ ადამიანებს და ბიზნესს და უზრუნველყვეს ის, რომ მათ, ვინც სხვებს ეხმარებოდა, საკმარისი რესურსი ჰქონოდათ. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც ამ წელს უჩვეულოდ დიდი შრომა გასწია. ეს პირველ რიგში ეხება საქართველოს ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს. დიდი მადლობა.” – თქვა ჰარცელმა.
ევროკავშირის ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და იმედი გამოთქვა, რომ ის პოლიტიკური ენერგია, რომელიც დღეს ერთმანეთთან ბრძოლაში იხარჯება, ქვეყნის გაერთიანებისაკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული:
“2020 წელი ერთი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო და მეორე კრიზისით დასრულდა. მე მჯერა, რომ საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს. იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც ის პოლიტიკური ენერგია, რომელიც დღეს ერთმანეთთან ბრძოლაში იხარჯება, ქვეყნის გაერთიანებისაკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ის იქნება ისეთი ძლიერი, როგორსაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ. საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. ერთად შეგიძლიათ საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ. დღესასწაულები დაფიქრებისა და დასვენების დროა.” – აღნიშნა მან.
ბოლოს კი განაცხადა, რომ მომავალ წელს გვირაბის ბოლოს სინათლე კიდევ უფრო გაძლიერდება და მსოფლიო კონონავირუსს შესაფერის ადგილს მიუჩენს:
“წელს ბევრი ჩვენგანი დღესასწაულებს საკუთარ ოჯახებთან ერთად ვერ გაატარებს. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილისგან შორს ვიქნებით – ერთი მათგანი შობას ირლანდიაში შეხვდება, ხოლო მეორე – შვედეთში. 2021 წლის დასაწყისი 2020 წლის დასასრულის მსგავსი იქნება. მაგრამ მომავალ წელს გვირაბის ბოლოს სინათლე კიდევ უფრო გაძლიერდება. იმედი მაქვს, რომ 2021 წელს სიტყვას COVID-19-ი მისთვის შესაფერ ადგილს მივუჩენთ – ისტორიის წიგნებსა და ლექსიკონებში. დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი და გვქონდეს იმედი იმისა, რომ საქართველოსა და ევროპაში ნელ-ნელა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ნება მომეცით, ყველა ჩვენგანის სახელით მოგილოცოთ ახალი წელი! გილოცავთ ახალ წელს.”