LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა, მაღალი პროცენტის გამო, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა

77

მომხმარებლისთვის კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის და საჯარიმო სანქციების დაკისრების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა.

2017 წლის 14 იანვარს სამოქალაქო კოდექსში (სსკ) შესული ცვლილებებით, განისაზღვრა სესხებზე დასარიცხი მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი და საჯარიმო სანქციის ოდენობა (დამატებით სსკ-ში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გთხოვთ, იხილოთ ეროვნული ბანკის განცხადება).

კანონის მოთხოვნათა აღსრულების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების შემოწმება დაიწყო.

ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმებისას, გამოვლინდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დარღვევის ფაქტები, რაც მომხმარებლისთვის კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის (რაც ეფექტურ 100%-ს შეადგენს) და საჯარიმო სანქციების (წლიური 150%) დაკისრებას გულისხმობს.

“საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ინსპექტირებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებლის უფლებების დასაცავად და მათი საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ხოლო იმ მომხმარებლებმა, რომელთა მომსახურე კომპანიები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, თავიანთი უფლებების დასაცავად უნდა მიმართონ სასამართლოს. ამასთან, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე – https://www.nbg.gov.ge/cp/index.php?m=551“, – განაცხადეს ეროვნულ ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები