გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროს კახა ცერცვაძესთან ერთად, რეგიონული სატყეო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სატყეო სააგენტოს მიერ, გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პროექტების შეჯამება-ანალიზს და 2023 წელს დაგეგმილი აქტივობების განხილვას.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ტყეების აღდგენა, ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება.
„ხე-ტყის უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სამინისტროს მთავარ პრიორიტეტად რჩება. ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებით, ჩვენ შევძლებთ ტყის რესურსების მართვას იმ სტანდარტებით, რასაც მდგრადი განვითარების პოლიტიკა გულისხმობს. სამინისტროს და სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ახალი კოდექსით შემუშავებული მიდგომებით და შესაბამისი სამოქმედო გეგმით აგრძელებენ მუშაობას, რაც ხელშესახებ პოზიტიურ შედეგებს გვაძლევს“, – აღნიშნა კახა კაკაბაძემ.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ ყურადღება ტყეების რეკრეაციული პოტენციალის ათვისებასა და ეკოტურიზმის განვითარებაზე გაამახვილა.
როგორც კახა ცერცვაძემ აღნიშნა, „ტყის ახალი კოდექსის“ მიღების შემდეგ, ტყეების ეკოტურიზმის განვითარების გეგმების შემუშავება მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენას.
„შეხვედრაზე მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დანერგვისა და ხე-ტყის მდგრადად მოპოვების საკითხზეც იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ მერქნული რესურსების ეფექტიანი მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2020 წლიდან მიმდინარეობს. ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში უკვე მოწყობილია 39 „საქმიანი ეზო“. 2023 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 17 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა“, – აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.