LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება – რა სიახლეს გეგმავს განათლების ეროვნული ცენტრი

185
12356456464564564 (1)

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის  სოფიო გორგოძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება, რა დროისთვისაც გამოქვეყნდება აბიტურიენტების ცნობარი და საგნების დაზუსტებული ჩამონათვალი. მისივე განმარტებით, ცენტრმა უკვე დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები აბიტურიენტებთან. გორგოძის თქმით, ცენტრი გეგმავს რეგიონებში აქტიურ შეხვედრებს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“დღეიდან ყოველ ოთხშაბათს აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მოვიდნენ და როგორც ტექნიკურ, ასევე შინაარსობრივ საკითხებზე ჩვენი ექსპერტები უპასუხებენ მათ კითხვებს. რაც შეეხება რეგისტრაციას, მარტის დასაწყისში, პირველივე რიცხვებში ყურადღებით იყვნენ იმიტომ, რომ ამ დროისთვის ვაპირებთ რეგისტრაციის გამოცხადებას. ამ პერიოდისთვის უკვე მზად იქნება ცნობარიც, სადაც ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სჭირდებათ პროგრამების ასარჩევად, მოცემული იქნება”, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება – რა ცვლილებებია აბიტურიენტებისთვის

მან ასევე ისაუბრა ცენტრის მიერ შემუშავებულ სიახლეზე, რომელიც ეხება  რეგისტრაციის პროცესის მოდელირებას. მისივე განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტები საგამოცდო პროცესს ეთიშებიან რეგისტრაციის არასწორად გავლის შედეგად, ამიტომ ცენტრი გეგმავს აღნიშნული პროცესის გავლას აბიტურიენტებთან ერთად.

გორგოძე აცხადებს, რომ  საგნების დაზუსტებული ჩამონათვალი, ცნობარის გამოქვეყნების პარალელურად გამოქვეყნდება, ან ცნობარის გამოქვეყნებას რამდენიმე დღით დაასწრებს. მისივე განმარტებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება.

„როგორი ფორმატის იქნება გამოცდები, ეს ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია შეფასების და გამოცდების ცენტრის ვებ – გვერდზე. რადიკალურ ცვლილებებს არ ვგეგმავთ. გარკვეულწილად ზოგიერთი ტესტის ფორმატში არის ცვლილებები და ეს ინფორმაცია ვებ -გვერდზე უკვე დევს, დამატებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ“, – განაცხადა გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 და მზადება 2020 წლისთვის – NAEC-ის ხელმძღვანელი გადაცემაში „ინსაიდერი“

გორგოძე ამბობს, რომ  შესაძლოა საგამოცდო ცენტრების რაოდენობა დაზუსტდეს. მან მოუწოდა აბიტურიენტებს აირჩიონ რამდენიმე პროგრამა.

“რაც შეეხება რეგისტრაციას, აბიტურიენტებს ვთხოვთ დარწმუნდნენ, რომ შეინახეს მონაცემები. ასევე აირჩიონ ბევრი პროგრამა. სამწუხაროდ, ისევ და ისევ არის შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტი ირჩევს 5-10 პროგრამას, აქვს კარგი ქულები, არ ჩაჭრილა არცერთ საგანში, მაგრამ ვერ ჩაირიცხა ვერსად. გასაგებია, რომ მათ უნდათ 2-3 პროგრამა და სხვაგან არსად უღირთ ჩაბარება, მაგრამ ამაზე მერე იფიქრონ. შეიძლება მერე ინანონ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა გორგოძემ.