ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება დღეიდან, ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით დაიწყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, შედეგები გაიგონ როგორც ვებ-გვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით.
გორგოძის თქმით, ყველა საგნის პირველადი შედეგების გამოცხადებას 1 კვირა დასჭირდება, ამის შემდგომ კი სააპელაციო და გათანაბრების პროცესები დაიწყება:
“დღეიდან შედეგების გამოცხადება დაიწყო. პირველად ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოქვეყნდება შედეგები და შემდგომ დღეებში ეტაპობრივად გაგრძელდება შედეგების გამოქვეყნება.
შედეგების გაგება აბიტურიენტებს როგორც ვებ-გვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც შეეძლებათ. ამისათვის აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (“მაგთი”, “ჯეოსელი”) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე – 93333.
ეს შედეგები არის პირველადი შედეგები, აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება ვარიანტების გათანაბრება და მათი საბოლოო ქულა მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ყველა საგნის შედეგის გამოცხადებას 1 კვირა დასჭირდება და 1 კვირის შემდეგ დაიწყება სააპელაციო პროცესი. აბიტურიენტებს ექნებათ 3 დღე, რომ კონკრეტულ საგანში სააპელაციო განაცხადი შეიტანონ, თუ მიაჩნიათ, რომ მათი ქულა არ არის ნამუშევრის შესაბამისი.” – განაცხადა სოფიო გორგოძემ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმითვე, როგორც მასწავლებლების, ასევე სტუდენტებისთვის და მაგისტრებისთვის ძირითადი სესიები დასრულდა, თუმცა გრძელდება დამატებითი სესიები და ეს პროცესი აგვისტოს 15 რიცხვამდე დასრულდება.