ეროვნული ბანკი შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე ვეღარ შეძლებენ.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2018 წლის 11 მარტიდან მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის, საბანკო საქმიანობის ლიცენზიისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე, ეკრძალება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობა, მათ შორის რეკლამა.
„შესაბამისად, ყველა მეწარმე სუბიექტი, რომლებზეც ვრცელდება ორგანული კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული შეზღუდვა, ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით, 2018 წლის 11 მარტამდე, დარეგისტრირდეს ან მიიღოს შესაბამისი ლიცენზია საქართველოს ეროვნულ ბანკში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტები უნდა დაუკავშირდნენ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე – [email protected] ან ნომერზე – 2 406 406.