ეროვნული ბანკი „ლიბერთი ბანკის“ მფლობელის შეცვლასთან დაკავშირებით მყიდველის მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას იწყებს.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, სებ-მა ბანკის ახალ მყიდველებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო. გვენეტაძის განცხადებით, არსებობს სპეციალური და განსაკუთრებული პროცედურები იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ბანკის მფლობელების შეცვლა ხდება.
„იმისთვის, რომ საბოლოოდ გარიგება დასრულდეს და მფლობელი შეიცვალოს, ამ პროცედურების გავლაა საჭირო. ჩვენ ახლა ვიწყებთ იმ დოკუმენტაციის შესწავლას, რომელიც დაინტერესებული მყიდველის მხრიდანაა ჩვენთან წარმოდგენილი. გარკვეული დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ გავაანალიზოთ დოკუმენტი და შევაგროვოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია ამ პროცედურის შესაბამისად“, – განაცხადა გვენეტაძემ.
კითხვაზე, შეცვლილია თუ არა „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა, კობა გვენეტაძის ინფორმაციით, საბჭოს შემადგენლობა ჯერ შეცვლილი არ არის.
„ლიბერთი ბანკის“ საკონტროლო პაკეტს “ლიბერთი ჰოლდინგი” ფლობს. 2016 წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ „ჰანიველ პარტნერსი” “ლიბერთი ბანკის” აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვას გეგმავს.