გაურკვევლობა რუსეთის მიერ შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ და ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მოსალოდნელ შემცირებაზე – ეს ის მთავარი ფაქტორებია, რითიც ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას ხსნის. ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმია, რომელიც შოკების შთანთქმის ფუნქციას ასრულებს.
“სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ბოლო პერიოდში განვითრებული მოვლენები, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მოსალოდნელი შემცირების შესახებ, ასევე გაურკვევლობა რუსეთის მიერ შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ, ლარის გაცვლით კურსზეც აისახა, რის გამოც ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ლარის კურსმა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რამდენჯერმე მკაფიო ცვლილება განიცადა”, – აცხადებს მესტვირიშვილი.
მისივე თქმით, პირველადი გათვლებით, სხვა თანაბარ პირობებში, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში უცხოური ვალუტით შემოდინებები ჯამში პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაიზრდება, რაც ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ლარის გაცვლით კურსზე გავლენებს შეარბილებს.