ხუთ თვიანი პაუზის შემდეგ დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცხინვალის ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს დააყენებენ.
ასევე, ყურადღება გამახვილდება ოკუპირებული რეგიონის პერიმეტრზე უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებსა და იმ ინციდენტებზე, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.
„საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული 5 მარტს ჩანიშნულ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გამოგონილი მიზეზებით განხორციელებულ უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ბოლო შეხვედრა ერგნეთში სექტემბერში გაიმართა.