LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერგნეთის ჩაშლილი შეხვედრა – ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხი ისევ გაურკვეველია

126

ქართულმა მხარემ პროტესტის ნიშნად ერგნეთის შეხვედრა დატოვა და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემამდე ​ შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ამის შესახებ განცხადება სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ, მას შემდეგ გააკეთა, რაც ერგნეთის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრაზე დღეს უნდა დაესახელებინათ თარიღი, როდის გადმოსცემენ ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მის ოჯახს.

ქემოკლიძე ამბობს, რომ ქართულმა მხარემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო მთავარ განსახილველ საკითხზე – როდის გადასცემს საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მის ოჯახს.

მისივე თქმით, კითხვები დაისვა დაკავებული ორი ქართველის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანასთან დაკავშირებითაც, რაზეც საოკუპაციო რეჟიმს პასუხი არ გაუცია.

როგორც ის აღნიშნავს,  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ცხედარი ცხინვალში არის, ხოლო მასალები რუსეთის საექსპერტო ბიუროშია გადატანილი, ხოლო ცხედრის გადმოსვენება ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ მოხდება.

კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, მსგავს ფორმატში შეხვედრა მას შემდეგ გაგრძელდება, რაც ქართული მხარის ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

“ჩვენთვის მოცემულ მომენტში უპირველესი პრიორიტეტი არის ტატუნაშვილის საქმე, პავლიაშვილის და ქუტაშვილის საქმე. ამ საქმეში არსებობს ორი ძირითადი პასუხგაუცემელი კითხვა, როდის მოხდება ცხედრის გადაცემა ოჯახისთვის და როდის მოხდება საქართველოს ორი მოქალაქის გამოშვება ოკუპირებული ტერიტორიიდან. ამ კითხვებზე მკაფიო პასუხი სანამ არ იქნება, ჩვენ სხვა საკითხებზე, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ბორდერიზაციის საკითხი, ასევე ნებისმიერი სხვა თემა, ჩვენ არ შეგვიძლია აქტიური ინტერვენცია,” -განაცხადა ქემოკლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები