მმართველი პარტიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით დღეს ერეკლე კუხიანიძემ უმრავლესობა დატოვა. გადაწყვეტილება სხდომაზე მიიღეს და როგორც საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯომარე განმარტავს, ისინი ემიჯნებიან კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ბექა დავითულიანის თქმით, კანონით დადგენილი ყველა პროცედურის გათვალისწინებით მოხდა კუხიანიძის მიერ უმრავლესობის რიგების დატოვება. რაც შეეხება საკრებულოში მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას, დავითულიანი განმარტავს, რომ ეს პირადად კუხიანიძის განცხადების საფუძველზე უნდა მოხდეს.
“ჩვენ შევიკრიბეთ კანონით დადგენილი პროცედურით და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. შესაბამისად, დავაყენებთ შუამდგომლობას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ”, – განაცხადა დავითულიანმა.
ბოდიშს ვიხდი არაკორექტულობისთვის ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის წინაშე – ერეკლე კუხიანიძე
ერეკლე კუხიანიძე, ამ დრომდე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია, აღნიშნული პოსტის დატოვების შემდეგაც კი საკრებულოს დეპუტატის მანდატს შეინარჩუნებს.
„ ჩვენ ამას ვერ ვაიძულებთ, თვითონ თუ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების შესახებ მე მისი რეაქცია არ ვიცი”, – ბექა დავითულიანი.
საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდება. კუხიანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“. საკრებულოსთან გუშინ ოპოზიციურმა ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომელიც რამდენჯერმე ფიზიკურ დაპირისპირებასი გადაიზარდა. გუშინდელ აქციაზე 4 აქციის მონაწილეა დაკავებული. ოპოზიცია კუხიანიძისგან საჯარო ბოდიშის მოხდას და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდა.
მოიხადოს ბოდიში და დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ – საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს