LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექვთიმე“ – ოზურგეთის დრამატული თეატრის საგასტროლო ტურნეს პირველმა სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა

623
ექვთიმე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 19 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი საგასტროლო ტურნეს მართავს.

ტურნეს ფარგლებში ოზურგეთის თეატრი თბილისში, თელავსა და გორში, სპექტაკლით „ექვთიმე“ წარდგება. პირველი წარმოდგენა ტრილოგიის მესამე ნაწილი – „ექვთიმე“ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში გუშინ გაიმართა. სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

 

 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გურიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, 20 ან 22 ნოემბერს, 14:00 საათზე პირველად, ექსპერიმენტის სახით, სპექტაკლს თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის გურული ეზოც დაეთმობა.

21 ნოემბერს, 19:00 საათზე, ოზურგეთის თეატრი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა, 23 ნოემბერს, 19:00 საათზე კი საგასტროლო ტურნე გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასრულდება.

 

 

როგორც სპექტაკლის მიწურულს, ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვასილ ჩიგოგიძემ აღნიშნა, ტურნეს მიზანია, ფართო საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის საშუალებითა და თეატრის ენით საქართველოს ისტორიის ნაკლებად ცნობილი ფაქტები, სახელოვანი პატრიოტების ცხოვრება და მოღვაწეობა გააცნოს.

ინფორმაციისთვის: მხატვრულ-დოკუმენტური ფანტასმაგორია „ექვთიმე“ მესამე, დამაგვირგვინებელი ნაწილია ტრილოგიისა („გურიის დედოფალი“, „რესპუბლიკა გურია“, „ექვთიმე“), რომელიც ექვთიმე ღვთის კაცის დაბადებიდან 160-ე – საიუბილეო წელს და მისი წმინდანად შერაცხვის მე-20 წელს ეძღვნება.

 

 

სპექტაკლი გურიის ბოლო ორასწლოვან ისტორიასა და წმინდა ექვთიმეს, როგორც საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის, შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს აცოცხლებს. წარმოდგენის ერთ-ერთი ნაწილია მოგონებები – „საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში“.

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი პირველი ქართული თეატრია, რომელმაც წმინდა ექვთიმე ღვთის კაცის შესახებ პროექტი განახორციელა.

 

 

იდეის ავტორი და დადგმის ხელმძღვანელი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძეა, სცენური ვერსიის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი კი – გოჩა კაპანაძე.

ინფორმაციისთვის: ტრილოგიის პირველი და მეორე ნაწილები – „გურიის დედოფალი“ და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დადგმული „რესპუბლიკა გურია“ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2022 წელს საგასტროლო ტურნეს მიმდინარეობისას თბილისში, რუსთავსა და გორში წარადგინა.

როგორც „ფორტუნას“ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორმა, ზაზა ჯინჭარაძემ განუცხადა, მომდევნო წელს, სპექტაკლს „ექვთიმე“ ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში წარადგენს.