“ექსპერტთა ჯგუფი გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს შეისწავლის”, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაცით, განისაზღვრა არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფი, რომელიც ძირითადი ტაძრის სახურავის ერთ-ერთ მონაკვეთზე ექსპერტიზაზე გადაგზავნის მიზნით, წითელი მოჭიქული კრამიტის ნიმუშებს აიღებს, ვინაიდან, როგორც შეხვედრაზე გაირკვა, წითელი კრამიტის სახურავზე დაგებამდე მას სამხარაულის ექსპერტიზა არ ჩატარებია.
“წითელ კრამიტზე ექსპერტიზის პასუხი და 2008-2020 წლების დოკუმენტების კვლევა აუცილებელია უცხოელ ექსპერტთა ვიზიტის სათანადოდ მოსამზადებლად“, – აცხადებენ კულტური სამინისტროში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მიმდინარე წლის 5 აპრილამდე სამინისტროსა და ექსპერტებს წარუდგინოს გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის სარესტავრაციო სამუშაოების 2008 წელს შემუშავებული პროექტი და ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დღემდე სახურავზე ჩატარებულ სამუშაოებს ქრონოლოგიურად ასახავს (მათ შორის ფოტო- და ვიდეომასალა, ასეთის არსებობის შემთხვევაში).