LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ექსპერტიზის ბიურომ დაიწყო მუშაობა კორპუსის მდგრადობასა და ზარალის დადგენის მიმართულებით” – საბურთალოს რაიონის გამგებელი

1547709558-აფეთქება-დიღომში-11

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ამის შესახებ განცხადება თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებელმა გააკეთა.

გაიოზ ვასაძის თქმით, დასკვნის დადების შემდეგ გახდება ცნობილი ზარალის ოდენობაც. ასევე დასკვნის საფუძველეზე დაიწყება კორპუსის გამაგრებითი ან სხვა სახის სამუშაოები.

„სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაიწყო მუშაობა გუშინ მდგრადობასთან და ზარალის დადგენის მიმართულებით და რამდენიმე დღეში გვექნება მათი ოფიციალური დასკვნა. ამ დასკვნის შემდეგ მოხდება ტერიტორიის დასუფთავება, კომუნიკაციების ნახვა და იმის შემდეგ დაიგეგმება უკვე გამაგრებითი ან სხვა სამუშაოები, რომლებიც უნდა ჩატარდეს. გვქონდა ჩვენ შეხვედრა მოსახლეობის ნაწილთან და ვფიქრობთ, რომ ის ოჯახებს, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები არიან, გადავიყვანოთ საცხოვრებელ სახლებში დროებით, სანამ არ დაბრუნდებიან თავის სახლში იმიტომ, რომ იწყება სკოლებში სწავლის პროცესი,“ – აცხადებს თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე  გაზის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. 8 ადამიანი კი დაშავდა.

ყაზტრანსგაზის 2 თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყაზტრანსგაზის თანამშრომლები კორპუსის მცხოვრებლებმა 16 დეკემბერს, მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ადგილობრივებმა ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს, თუმცა, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა მათ განუცხადეს, რომ გაყვანილობა წესრიგშია.რამდენიმე საათში კი ავთანდილის 8 ნომერში ტრაგედია დატრიალდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები